ახალი ამბები

ლომჯარია საუბრობს 6 ივლისს, 20 საათზე დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე

6 ივლისი, 2021 • 1371
ლომჯარია  საუბრობს 6 ივლისს, 20 საათზე დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, დღეს, 6 ივლისს, პარლამენტთან დაანონსებული მდუმარე აქცია მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რომ ძალადობა საზოგადოების დაკვეთა არ არის.

“მინდა, მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან. ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება, საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა”, — წერს ნინო ლომჯარია.

20:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მდუმარე აქცია ფეისბუკზე დაიგეგმა. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც. მაგალითად, “გირჩი — მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას დაანახონ, რომ საქართველოში “ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ”. აქციას უერთდება “ევროპული საქართველო” და ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა “დროა”.


გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი