ახალი ამბები

თსუ გმობს ძალადობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას

6 ივლისი, 2021 • 738
თსუ გმობს ძალადობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა 5 ივლისს თბილისის ცენტრში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, დაგმო ძალადობა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს [5 ივლისს] მომხდარ ძალადობის ფაქტებს (მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა).

უნივერსიტეტისთვის, რომელიც თავისუფლებას, განათლებას, განვითარებასა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას ემსახურება, მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ნებისმიერი სახის ძალადობრივი გამოვლინება, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები”, — აღნიშნულია განცხადებაში.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი