ახალი ამბები

დაკავებულებს შორისაა პირი, რომელიც ჟურნალისტებს მოპედით ეჯახებოდა

6 ივლისი, 2021 • 1750
დაკავებულებს შორისაა პირი, რომელიც ჟურნალისტებს მოპედით ეჯახებოდა

5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის არის პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მომუშავე ჟურნალისტებს მოპედით განგებ ეჯახებოდა. ჯამში, ამ ბრალდებით 3 პირია დაკავებული.

ზემოხსენებული ინციდენტი ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებიდან მალევე მოხდა. მომხდარი ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს.

“ერთ მომენტში ოპერატორთან ერთად ვიდექი და დავინახე, რომ სხვა რამდენიმე ოპერატორს ურტყამდნენ. უცებ ერთი მამაკაცი, რომელიც მოპედზე იჯდა, წამოვიდა ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართულებით და მიზანმიმართულად დაგვეჯახა.

 განგებ ეჯახებოდა ჟურნალისტებს და ერთ-ერთი ვიყავი მე. საბედნიეროდ, არ დავშავებულვარ, რადგან პოლიციამ მოასწრო, გადასდგომოდა და ოდნავ შემეჯახა. მერე პოლიციელებმა განარიდეს ის პიროვნება”, — უთხრა “ნეტგაზეთს” “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა თამარ თათარაშვილმა.

დანარჩენი 2 დაკავებულიდან ერთ-ერთი თავს დაესხა “ტაბულას” ჟურნალისტს და კეტი ჩაარტყა, კიდევ ერთი პირი კი ფოტორეპორტიორს გაუსწორდა ფიზიკურად.

შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან 2 წარსულში ნასამართლევია.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა. ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა/დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ უწყებაში.

გუშინ, 5 ივლისს, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე 53 ჟურნალისტს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ. დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში, სულ მცირე, მედიის 8 წარმომადგენლის გადაყვანა გახდა საჭირო.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი