ახალი ამბები

პოლიცია ჩანდა ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა იყო — სარჯველაძე

6 ივლისი, 2021 • 1028
პოლიცია ჩანდა ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა იყო — სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე პოლიცია ყველგან “ჩანდა”, სადაც საჭირო იყო.

თუმცა თავდასხმის მსხვერპლი ჟურნალისტები იხსენებენ, რომ დაპირისპირების კონკრეტული ეპიზოდების დროს ადგილზე მხოლოდ თითოოროლა პოლიციელი იმყოფებოდა, რომელიც ვერ უმკლავდებოდა აგრესიული ადამიანების ნაკადს.

კითხვაზე, არის თუ არ კმაყოფილი პოლიციის მუშაობით, სარჯველაძე ამბობს, რომ ამის შეფასება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც კითხვებს პასუხი გაეცემა.

კიდევ ერთი კითხვა, ჩანიშნავს თუ არა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტს და მოიწვევს თუ არა შს მინისტრს, სარჯველაძემ უპასუხოდ დატოვა.

ამასთან, “ოცნების” დეპუტატი აღნიშნავს, რომ კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საფუძველი “ნამდვილად არ არის გამოკვეთილი”.

“ტენდენციურად აფასებთ, რომ სახელმწიფო გუშინ არ ჩანდა. ზედმეტი ესკალაცია თავიდან არიდებული იქნა და ა.შ. ბუნებრივია, რომ ეს არის პოლიციელების დამსახურება. რასაკვირველია, რომ პოლიცია ჩანდა ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა იყო. ისე, როგორც პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და დაიგმო ის, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი რეაგირების მოხდენა იმ სამართლებრივ დარღვევაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. რაც გვინახავს, ალბათ, იმის გამოძიებაც უნდა მოხდეს”, — განაცხადა სარჯველაძემ.

გუშინ, 5 ივლისს, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე  53 ჟურნალისტს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ. დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში, სულ მცირე, მედიის 8 წარმომადგენლის გადაყვანა გახდა საჭირო.

ამ დროისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი