ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ვირტუალურ სივრცეში

6 ივლისი, 2021 • 5979
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ვირტუალურ სივრცეში

ავტორი: ზურაბ წურწუმია, მკვლევარი, თბილისი


სოციალურ ქსელში ქართულენოვანი რეკლამების თემა გასულ კვირას აფხაზურ ტელევიზიაშიც კი გაშუქდა, რაზეც ნეტგაზეთიც წერდა. ბევრი ჩვენგანისთვის ამ საკითხისადმი ასეთი ინტერესი და რეაქცია გაუგებარი იყო. ანდა ვინ აქცევს ყურადღებას, ფეისბუქში რა ენაზე გხვდება რეკლამა? პრობლემა აქ აღიარება/არაღიარების საკითხი სულაც არ არის. აფხაზური სოციალური ქსელისთვის ზედაპირულად თვალის მოვლებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ, აფხაზური საზოგადოებისთვის ქართულენოვანი რეკლამითა თუ წარწერებით როგორი „იდილია“ ირღვევა.

ფეისბუქის აფხაზური სეგმენტი ეს არის ვირტუალური სივრცე, სადაც მსგავსად რეალური ცხოვრებისა, განდევნილია ქართული თემატიკა, სადაც არ იღებენ ქართველ მომხმარებლებს და ქართველებისგან მაქსიმალურ თვითიზოლაციას ცდილობენ.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ვირტუალურ სივრცეშიც არსებობს, გრძელდება და ისეთივე კომპლექსურია, როგორიც –  რეალურ სამყაროში. ერთი შეხედვით აქ გასაკვირი არც არაფერი უნდა იყოს: ვირტუალურ სამყაროს, სოციალურ ქსელებს ის ადამიანები ვქმნით, რომლებიც რეალურად ვარსებობთ. შეიძლება არსებობს კიდეც იმის მოლოდინი, რომ სოციალურ ქსელში, ამ მრავალფეროვან და თავისუფალ სივრცეში, რეალურ ცხოვრებასთან შედარებით რაიმე სახის სერიოზული, უკეთესი ალტერნატივა იქნებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია – ეს ვირტუალური სივრცე დაუფარავად გამოხატავს დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის უფსკრულს, კონფლიქტსა და ერთიანი მომავლის უპერსპექტივობას.  

ფეისბუქის აფხაზური სეგმენტი ორი ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა: მთავარი სოციალურ-პოლიტიკური თემები დახურულ ჯგუფებში განიხილება და ამავე დროს, სოციალურ ქსელზე ანონიმური მომხარებლების რაოდენობა/გავლენა შთამბეჭდავია.

დახურულ ჯგუფებში გასაწევრიანებლად კითხვარზე პასუხის გაცემაც კი მოგიწევთ. გასაკვირი აქაც თითქოს არაფერია: სრულიად ნორმალური მოვლენაა, როდესაც თემატურ ჯგუფში მოსახვედრად ადმინისტრატორები წინასწარ გაცნობენ წესებს და ფილტრების საშუალებით ცდილობენ, მეტნაკლებად მსგავსი ღირებულების ხალხს ერთად მოუყარონ თავი. პრაქტიკაში ასე იქმნება ე.წ. ბაბლი: ვირტუალური და გაფილტრული საზოგადოება, რომელიც ერთ ღირებულებებზე დგას და რომელსაც არ სურს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა ან მათთან კამათი.

აფხაზური ფეისბუქის შემთხვევაში კი ეს “ბაბლი” მთლიანი საზოგადოების მასშტაბისაა, იმ მნიშვნელობით, რომ ეს ჯგუფები აფხაზებისთვის ან მათი მეგობრებისთვის არის შექმნილი (ვინც მათ დამოუკიდებლობას მხარს უჭერს ან მათ მხარეს იბრძოდა). ამ ჯგუფებში ქართველებს არ ელოდებიან. აფხაზეთის პოლიტიკურ თემებზე გახსნილ ჯგუფებში სელექცია ერთგვარი ნაციონალური პრინციპით ხდება. ეს რეალობის ციფრული ვერსიაა – აფხაზეთის ამბებში ქართველებს არაფერი ესაქმებათ, ეს მათ არ ეხებათ. ასეთ დახურულ ჯგუფებში პერიოდული „წმენდებიც“ მიდის: საეჭვო მომხმარებლებსა და ქართველობაში „ეჭვმიტანილებს“ ჯგუფიდან აძევებენ.

თვითიზოლაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ხშირად ამ ჯგუფებში  აფხაზებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის შიდაეთნიკური კონფლიქტებიც ხდება. რუსი ან სომეხი მომხარებელის მხრიდან აფხაზეთში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე კრიტიკული პოსტი/კომენტარის შემდეგ ავტორს „თავაზიანად“ შეახსენებენ, რომ სინამდვილეში ეს მათი საქმე არ არის და ასეთი უმადურობის საბაბი არ აქვთ. აფხაზეთის დასაკუთრების სურვილი დიდია.

საქართველოსა და ქართველების მიმართ ინტერესი არსებობს, მაგრამ იმის მხოლოდ მცირე ნაწილი იწერება, რასაც, სავარაუდოდ, თავად ეცნობიან – ძირითადად, მხოლოდ უარყოფითი ამბები. ეს შეიძლება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს ან ომის ამბებს.

იქმნება ან მყარდება წარმოდგენა, რომ ყველა ქართველი აფხაზეთში ომის დროს გაჩნდა და, ამავე დროს, ყველა მხედრიონელი იყო. ამ სივრცის ინფლუენსერი და კონტენტის შემოქმედი მომხარებლები, ალბათ, ვერც ხვდებიან, თუ როგორ ასაზრდოებენ კონფლიქტს, რადგან სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა.

ამ ვირტუალური რეალობის საპირწონედ ქართულ სოციალურ ქსელში აფხაზეთთან დაკავშირებული რამდენიმე სახის გვერდი ან ჯგუფი არსებობს. ნაწილი დევნილთა ჯგუფებია, სადაც ძირითადი საუბარი დევნილთა დახმარებას, სახელმწიფო პროგრამებსა თუ სოციალურ პრობლემებზე მიმდინარეობს; სოფლების/ქალაქების/რაიონების სახელობის ჯგუფები, რომლის წევრებიც ცდილობენ ომამდელი სამეგობროს მოძიებას; საინფორმაციო სახის გვერდები – რომლებიც, როგორც წესი, ენგურის ხიდზე მიმოსვლას, აფხაზეთში მომხდარ მთავარ ამბებსა თუ ოკუპაციის თემებს აშუქებენ.

გვხვდება ასევე აფხაზური ჯგუფებისთვის შექმნილი ქართული გვერდები. ამ გვერდების მთავარი სასაუბრო თემა აფხაზურ დახურულ ჯგუფებში მიმდინარე დისკუსიებია.

როგორც წესი, ანონიმურად შეპარული ქართველი მომხარებლები კითხულობენ დახურულ ჯგუფებში მიმდინარე მიმოწერას და საკუთარ გვერდებზე აშუქებენ იმ ამბებს, რაც საშუალებას აძლევთ, დასცინონ მეორე მხარეს, ზოგჯერ ლანძღონ და დაამცირონ.

განსაკუთრებით პოპულარულია ენერგოკრიზისთან დაკავშირებული პოსტების „მალულად“ გამოტანა: ჩაბნელებული სოხუმი და სანთლის შუქზე მჯდარი „სეპარატისტი აფხაზი“ ერთ-ერთი საყვარელი საქილიკო თემაა.

კრიმინალი, კორუფცია, გაუმართავი ინფრასრტუქტურა და სხვა ასევე ადვილი გასარჩევი თემა ხდება. ამ ვირტუალურ კონფლიქტში ქართული მხარე ეფექტურად იყენებს თავის „საიდუმლო იარაღს“: რეფორმებისა და წარმატების მაგალითები განსაკუთრებით შთამბეჭდავად ჩანს აფხაზეთის ჩამოშლილი და დემორალიზებული სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრების ფონზე.

ასეთ თემებზე კონტენტის შექმნა რთული სულაც არ არის. საკმარისია აიღოთ აფხაზი „გაიშნიკისა“ და ქართველი პატრულის სურათები და ერთად განათავსოთ; ან სულაც აიღოთ ომის შემდგომი სოხუმისა და ბათუმის სურათები. ასეთ „მძიმე დარტყმებზე“ აფხაზ მომხარებლებს, როგორც წესი, პასუხი არ აქვთ, ან უკიდურეს შემთხვევაში ისინი ქართველებს ახსენებენ, რომ ომი წააგეს, გაიქცნენ და ძლივს გაასწრეს ენგურს გაღმა.  შემდეგ საუბარი, როგორც წესი, რუსეთისა და დასავლეთის გავლენებზე გადადის, ერთმანეთს აუცილებლად შეახსენებენ, რომ ჩამოსახლებულები არიან და საუბარი ან ჯგუფიდან გაძევებით სრულდება, ან ირონიის ფონზე დროებით პაუზას იღებენ.

ქართული და აფხაზური სოციალური ქსელი ერთმანეთისგან იზოლირებულად არსებობს, მაგრამ რამდენადაც ერთმანეთს არ იმჩნევენ, იმდენად  ერთმანეთისკენ უჭირავთ ცალი თვალი და თითქოს დროს და შემთხვევას ელოდებიან, რომ ძველი კამათი თუ ლანძღვა გააგრძელონ ან სულაც ახალი დაიწყონ.

ასეთი „საეჭვო“ ურთიერთობები სხვა ბევრ რამესთან ერთად იმაზეც მეტყველებს, რომ ამ დაპირისპირებულ საზოგადოებებს ერთმანეთთან ბევრი აქვთ სასაუბრო, თუმცა ამ საუბრისთვის მზად ჯერჯერობით არცერთი არ არის. ასეთ პირობებში კი ძველი წყენა, ომი, ტრაგედია და უთანხმოებები ყოველდღიურად ათეულობით ნამდვილ თუ ანონიმ მომხარებელს ასევე ათეულობით ახალ პოსტს აწერინებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი