ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული რეკლამა აფხაზი მომხმარებლებისთვის

29 ივნისი, 2021 • 10044
ქართული რეკლამა აფხაზი მომხმარებლებისთვის

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


საქართველოს ბანკების პროექტები, ონლაინ ფსიქოლოგიური დახმარება, წამლები და ა.შ.  – ყველა ის სარეკლამო ბანერი, რომელსაც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს სოციალურ ქსელებში რეკლამის სახით ხვდება, არც აფხაზეთის მოსახლეობისთვისაა უცხო. ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერნეტმომხმარებლები აფხაზეთში მუდმივად ქართულ ენაზე რეკლამის შეხვედრას ან მოსმენას გამაღიზიანებელსაც კი უწოდებენ.   

მსოფლიოში უმსხვილესი ვიდეოპლატფორმა YouTube აფხაზეთშიც საკმაოდ პოპულარულია. საკუთარი YouTube არხები აქვთ ადგილობრივ აფხაზურ ტელევიზიებს, ვიდეოპროექტების მწარმოებელ კომპანიებსა და ინტერნეტის რიგით მომხმარებლებს. 

იმისთვის, რომ პოპულარობასთან ერთად, ცოტაოდენი ფულიც იშოვონ, ყველა მათგანი მონეტიზიაციას რთავს. YouTube კი ალგორითმებს იყენებს და გეოლოკაციების საფუძველზე იმ ვიდეორეკლამას ათავსებს, რომელიც მეტ-ნაკლებად აქტუალურია რეგიონისთვის. 

იმის გამო, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და YouTube-თვის აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რეპორტაჟების ან სხვა ვიდეოს ნახვისას ქართულ ენაზე რეკლამა იწყება, რაც აფხაზი მომხმარებლისთვის საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს. 

ნადეჟდა კვარჩია სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, რომელსაც მუდმივად ხვდება ქართული აუდიტორიისთვის გათვლილი ქართულ ენაზე შექმნილი რეკლამა. 

“ყველაზე ცუდი მდგომარეობა YouTube-ზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფეისბუკზეც და ინსტაგრამზეც ჩნდება ბანერები ქართულ ენაზე.  YouTube-ზე ყველაფერი გაცილებით რთულადაა, შეუძლებელია გამორთო პირველი ხუთი წამი და მთელ სახლზე ქართული საუბარი ისმის, რაც მაღიზიანებს. ამ რეკლამის გამორთვის ფინანსური საშუალება კი არ მაქვს”, – გვეუბნება ნადეჟდა. 

მისი თქმით, მას აღიზიანებს არა კონკრეტულად ქართული ენა, არამედ ის რომ რეკლამა მისთვის გაუგებარ ენაზე იმ მომსახურებას და პროდუქციას სთავაზობს, რომლის ყიდვაც შეუძლებელია, რაც, მისი აზრით, კიდევ უფრო აზრს მოკლებულია. 

“საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს ვეძებ საძიებო სისტემაში, არ ვსარგებლობ ქართული შრიფტით და მაინც, ჩემთვის აბსოლუტურად არააქტუალური კონტენტის რეკლამას მთავაზობენ. მე ხომ მათთვის უსარგებლო კლიენტი ვარ, ისევე როგორც ყველა, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს. ეს იგივეა, რომ ქართველმა მომხმარებლებმა მუდმივად უყურონ რეკლამებს, მაგალითად, ნამიბიიდან ან სუდანიდან”. 

სოხუმის სხვა მცხოვრები ასიდა მალია გვეუბნება, რომ უკვე შეეგუა ქართულ კომერციულ მასალებს, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ ბოლო დროს ხშირად ხვდება ბერგჰოფის ფონდის [Berghof Foundation] პროექტის ვიდეორგოლები, სადაც ქართველი გმირები ჰყვებიან აფხაზ ახალგაზრდებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებებზე და პირად შთაბეჭდილებებზე.

“ სჯობს, ეს ამბები საკუთარ თანამამოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს მოუყვნენ. მე არ მაინტერესებს ის, რომ თბილისელმა სტუდენტმა, როგორც იქნა, გაიაზრა, რომ აფხაზები ადამიანები არიან. ეს ხომ უნიჭო პროპაგანდაა, თითქოს, უნდათ დამარწმუნონ, რომ დღეს ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ შეცვლილია, ასეთი ვიდეორგოლებით ეს არ ხდება. პირიქით, პირადად მე მაღიზიანებს”, – გვიზიარებს აზრს ასიდა მალია. 

მე თავად ვარ აფხაზური ტელევიზია, abaza.tv-ს ვებ-გვერდს ვმართავ. ჩვენ ყველა განთავსებულ ვიდეოს “მონეტიზაციას” ვურთავთ, ვინაიდან ჩვენი  მაყურებელი რამდენიმე ათასამდე აღწევს და ამით გვიჩნდება თუნდაც მცირე შემოსავალი. 

ამავე დროს, სულ უფრო ხშირია უკმაყოფილო მომხმარებელების გამოხმაურებები და კომენტარები, რომლებიც გვთავაზობენ, “მონეტიზაცია” გამოვრთოთ, რასაც არ ვაკეთებთ, რადგანაც ჩვენი კომერციული არხი გარე წყაროებიდან არ ფინანსდება და ჩვენი ფულის დიდი ნაწილი ისაა, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებთ.  

როგორც აფხაზეთში სისტემური ადმინისტრატორები ამბობენ – გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. იუთუბის სერვერები აშშ-ია, თავად კომპანია კი Google-ს ეკუთვნის. 

“ამერიკა არ გვაღიარებს, მათთვის აფხაზეთი არ არსებობს და ისიც კარგია, რომ საერთოდ შეგვიძლია ამ პოპულარული პლატფორმის შეზღუდვების გარეშე გამოყენება. შესაბამისად,  ვისურვებდი, ქართული რეკლამა ყველაზე დიდი პრობლემა ყოფილიყოს აფხაზი სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის”, – გვიზიარებს მოსაზრებას  IT-სპეციალისტი,

მათთვის კი, ვისაც ქართული რეკლამის ატანა აღარ შეუძლია,  Google-ის პრემიუმ პაკეტის ჩართვა და ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი