ახალი ამბები

მაქსიმალურად იყო მობილიზებული პოლიცია, რისი შესაძლებლობაც იყო – კობახიძე

5 ივლისი, 2021 • 908
მაქსიმალურად იყო მობილიზებული პოლიცია, რისი შესაძლებლობაც იყო – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული,”რისი შესაძლებლობაც თბილისში იყო”.

კობახიძის მტკიცებით, შსს-ს რეაგირებისთვის “ობიექტური სირთულე” შეექმნა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით გააფრთხილა და ამით პრევენცია სცადა.

“აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი და ეს იყო მოსალოდნელი. სწორედ ამის გამო კეთდებოდა გაფრთხილებები. ობიექტური მიზეზების გამო გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება. ეს იყო ძალიან რთული. რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, 10 ათასი თუ რამდენი კაციც იყო, რომ ემართა… თქვენ გახსოვთ ათასი კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც კი ჭირდა რეაგირება.

ბუნებრივია, მასაზე როცა არის საუბარი, იქ რთულია რეაგირება. მით უმეტეს, ასეთ დროს, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები არიან გამოსულები. ასეთ დროს რეაგირება არის რთული და, შესაბამისად, ობიექტური სირთულე ჰქონდა შსს-ს[…] რისი შესაძლებლობაც იყო თბილისში, მაქსიმალურად იყო მობილიზებული პოლიცია[…] ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ, იგივე რომ მოხდეს მომავალ წელს, იქაც იგივე საფრთხე და რისკი იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრაიდის უკან “სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები” იდგა, რომლის მიზანიც ვინმეს უფლებების დაცვა არ იყო.

“ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლება გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ფაქტია, რომ პრაიდის მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფოდნენ მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ხედავთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი