ახალი ამბები

ლომჯარიას შეფასებით, პრემიერის განცხადებამ ძალადობა წაახალისა

5 ივლისი, 2021 • 1344
ლომჯარიას შეფასებით, პრემიერის განცხადებამ ძალადობა წაახალისა

სახალხო დამცველმა სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტებს, რომლებმაც, მისი თქმით, სამოქალაქო გმირობის და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გააშუქეს დღეს, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები.

“დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამ ადგილზე უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთა თუნდაც უარესი მოვლენების განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება მოახდინეს. მივმართავ შსს-ს, რომ დღესვე დაიწყოს გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე და მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის არაერთი ფაქტი პოლიციელების თვალწინ მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ წინა წლებში მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით არასდროს მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება და ძალადობრივი ფაქტების დაუსჯელად დატოვებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები. ლომჯარიას თქმით, ასევე, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან უფლებრივად პრაქტიკულად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები.

“ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის, პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც, და დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, რომ თავიდანვე აანონსებდნენ ძალადობრივი ქმედებებს. განცხადებები, როდესაც ძალადობრივ ჯგუფებს ათანაბრებ მშვიდობიან მოქალაქეებთან, აპრიორი არასწორია და დამატებითი წახალისებაა ამ ჯგუფებისა, რომ იძალადონ. ასევე, არასწორი იყო პოლიტიკური სარჩულის მიკერება პრაიდის გეგმებზე, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა ძალადობრივი ფონი. ჩემი ინფორმაციით, მოძალადე ჯგუფები კორპუს-კორპუს, სადარბაზო-სადარბაზო დასდევენ ადამიანებს, ქუჩებში უსწორდებიან ჟურნალისტებს. ლგბტ თემის მხარდამჭერი ადამიანები, რომლებსაც ცნობენ, სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან მოუწოდა პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება. სახალხო დამცველის თქმით, დღეს ირღვეოდა არა მხოლოდ გამოხატვის უფლება და ჟურნალისტთა უფლებები, არამედ სამოქალაქო უსაფრთხოება და მოქალაქეების სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ.

“მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკმაოდ სწორი განცხადება გააკეთა და ყველა თანამდებობის პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საჯარო პირებს, რომ გააკეთონ სწორი განცხადებები და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რაც წაახალისებს დისკრიმინაციას და ძალადობას”, — დასძინა ლომჯარიამ.

პრესკონფერენციის გამართვამდე სახალხო დამცველმა განცხადებაც გაავრცელა და თქვა, რომ უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს  რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს.

“პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ “თბილისი პრაიდის” ორგანიზებული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. მისი თქმით, “ღირსების მარში” უკან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დგანან.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

“ღირსების მარშის” უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით — ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი