ახალი ამბები

რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – მელია

5 ივლისი, 2021 • 1069
რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა”.

მისი თქმით, ხელისუფლება “თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით” კლავს სახელმწიფოს.

“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით კლავს სახელმწიფოს.

ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!
სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ! თუ როგორ, მალე, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!” – წერს მელია.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი