“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” განცხადებით, მედიის მიმართ ძალადობაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მისი უმოქმედობა კიდევ უფრო ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.
“საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებს, თუ როგორ ესხმიან თავს მოძალადე პირები სხვადასხვა მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს და ოპერატორებს, დევნიან მათ და უზიანებენ ტექნიკას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია. მედიის დარბევის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და მისი ორგანიზატორების უკან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია დგას. აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად ძალადობის წახალისება მოახდინა. ეს ასევე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისადმი გაკეთებული გზავნილია, რამაც შესაძლოა არასასურველი შედეგი მოიტანოს”, — ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” განცხადებაში.
არასამტავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში სახიფათო გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომამდგენელთათვის მუშაობა.
“ბოლო პერიოდში მათ მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ, მუქარამ, შეურაცხყოფამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას კი თავისთავად ახალისებს ხელისუფლების არაეფექტური რეაგირება. არ ხდება მსგავსი ინციდენტების დროული და სათანადო გამოძიება, დამნაშავეების შესაბამისი დასჯა და გრძელდება ზოგადად აგრესიული რიტორიკა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ”, — ნათქვამია განცხადებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება, დაიცვან ისინი ფიზიკური ძალადობისაგან და პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების პირობები შეუქმნან. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თითოეული ინციდენტი ეფექტურად გამოიძიოს და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.