ახალი ამბები

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

5 ივლისი, 2021 • 885
მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.

“დღეს დილიდან რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება და საპროტესტო აქციები. შეკრების პარალელურად, დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, შსს მოუწოდებს “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ “თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაზიანებულია მათი ტექნიკაც. თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რიცხვი, შეიძლება შეიცვალოს.

იმის გამო, რომ ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, რამდენიმე ჟურნალისტი აქციიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს.

ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს

მასალების გადაბეჭდვის წესი