ნეტგაზეთი | რატომ არის პრაიდი რელიგიურად და სამართლებრივად ლეგიტიმური?! – მალხაზ სონღულაშვილი რატომ არის პრაიდი რელიგიურად და სამართლებრივად ლეგიტიმური?! – მალხაზ სონღულაშვილი – Netgazeti
RU | GE  

რატომ არის პრაიდი რელიგიურად და სამართლებრივად ლეგიტიმური?! – მალხაზ სონღულაშვილი

ავტორი: მალხაზ სონღულაშვილი


ღმერთმა ეს სამყარო შექმნა მრავალფეროვანი. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, არცერთი ადამიანი ერთნაირი არ არის. ყველა ადამიანი უნიკალურია. რასობრივი, ლინგვისტური, გენდერული,  სექსუალური, კულტურული მრავალფეროვნება არეკლავს ამ სამყაროს შემოქმედის ჩანაფიქრსა და ბუნებას. „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა!“ – როგორც ამას შოთა რუსთველის პოეზია ღაღადებს უკვე მრავალი საუკუნეა.   

ღმერთმა ადამიანს მიანიჭა სიყვარულის ნიჭი. ღმერთი სიყვარულია და გასაკვირი არ არის, რომ ღმერთის მიერ შემნილი ადამიანისათვის  დამახასიათებელია სიყვარულის ნიჭი და სიყვარულისაკენ სწრაფვა. ჩვენ სიყვარულითა ვართ შექმნილი და სიყვარულისთვისა ვართ შექმნილი.  ვისაც სძულს – ის ღმერთს არ იცნობს და, შესაბამისად,  ღმერთს მხოლოდ ის იცნობს – ვისაც სიყვარული აქვს. თუდაც ერთი ადამიანი გეჯავრებოდეს მთელ ამ პლანეტაზე, ეს გაკარგვინებს ღმერთის შემეცნების უნარს. ღმერთმა სიყვარულის ნიჭი მისცა ყველას და არავისა აქვს ამ უფლების ვინმეთვის  წართმევის უფლება.

ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფლება. მართალია, ახლა  ლიბერალური დემოკრატია გვევლინება ადამიანის თავისუფლებათა დაცვის ყველაზე თავგამოდებულ ქომაგად, მაგრამ ადამიანს მთელი თავისი ცივილიზაციის განმავლობაში სწყურია თავისუფლება და  იბრძვის თავისუფლებისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ შინაგანი თავისუფლებისაგან ჯერაც ძალიან შორსა ვართ. თავისუფლებისაკენ მიომავალ გზაზე განთავისუფლების ეტაპია გასავლელი: ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება განხვავებულის შიშისაგან და სიძულვილისაგან, ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება ევოლუციური მიდრეკილებისაგან – დავჩაგროთ და მოვერიოთ სუსტსა და უმცირესობაში მყოფ ადამიანს და ადამიანების ჯგუფებს. გამოხატვის თავისუფლება, მართალია, ნორმაა ჩვენი კონსტიტუციით, მაგრამ მისი ფესვები ღრმად არის გამდგარი კაცობრიობის გამოცდილებაში და წარსულში. 

ღმერთმა ადამიანს მისცა მთავარი რელიგიური პრინციპები – არ ავნო. ეს პრინციპი ყველაზე ძველი რელიგიური პრინციპია, თუმცა კაცობრიობა ჯერაც ვერ მოვიდა იმის გააზრებამდე, რომ სხვისა ჩაგვრისას შენიანს ჩაგრავ, რადგან ამ პლანეტაზე ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით.  ვინც ვძალადობთ  და  ვისზეც ვძალადობთ – ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით. სხვისა ჩაგვრა, განსხვავებულის გარიყვა, დამცირება და შეურაცხყოფა, პირველ რიგში, ჩვენ გვაზარალებს და მერე იმას, ვისაც ჩვენ სამიზნეში გვყავს ამოღებული.

ღმერთმა ადამიანს აჩუქა მეტანოიის ნიჭი. რელიგიური აზროვნება გამორიცხავს ყოველგვარი ანტაგონიზმის წაქზებას, მოწონებასა და გამართლებას. მაგრამ რახან ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, რელიგიური ტრადიაციები გვთავაზობენ გამოსავალს: იუდაიზმში ამას „თეშუბა“  ჰქვია, რაც შინ დაბრუნებას, ანუ ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავს.  ღმერთი მოიაზრება, როგორც „ჩვენი მარადიული შინა“. ქრისტიანობაში ამას ჰქვია „მეტანოია“ – აზროვნების შეცვლა.   

მეტანოია სჭირდება უმრავლესობას, რომელიც რეალობას არა ღმერთის,  არამედ  „ალფა-ღმერთის“ (მოძალადე ღმერთის) პერსპექტივიდან უყურებს და ადვილად ამართლებს სხვადასხვა სახის ძალადობას. მეტანოია უნდა დაგვეხმაროს, რომ საღვთო წერილებში, ვისიც არ უნდა იყოს ეს წერილი – ქრისტიანებისა, მუსლიმებისა, ებრაელებისა თუ ეზიდებისა – ვეძებოთ არა ის ცალკეული კონტექსტიდან ამოგლეჭილი პასაჟები, რომლებისც ჩვენს ძალადობას გაამართლებს,  არამედ ვეძებოთ მთავარი სულისკვეთება რელიგიისა.  ადრე თუ გვიან ჩვენ გვჭირდება, რომ  ხეების მიღმა  ტყე დავინახოთ! ტყე უპირობო სიყვარულისა, შენდობისა, თანაგრძნობისა და შერიგებისა. 

მეტანოია მარტო უმრავლესობის რელიგიას არ სჭირდება. ის სჭირდება პოლიტიკურ ძალებსაც, რომელბიც, პირველ რიგში, სამართლიანობის მხარეზე უნდა დადგნენ, თუ ევროპული ღირებულებები გულწრფელად აინტერსეებთ, და არა პოლიტიკური მომგებიანობის მხარეზე. მათ უნდა ახსოვდეთ,  რომ მომავალი ჩვენ განგვსჯის არა იმით, თუ რამდენი ხიდი ავაშენეთ და რამდენი ჰექტარი ზეთისხილი გავაშენეთ, არამედ იმით, თუ რამდენად შევძელით ჩვენ სუსტის დაცვა ძლიერისგან, რამდენად შევძელით დაჩაგრულის გამოსარჩლება და დაცვა, რამდენად მოვახერხეთ ღარიბ-ღატაკისათვის თანადგომის გამოხატვა და სიდუხჭირიდან ამოყვანა.

მეტანოია სჭირდება განათლების სისტემას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი მომავალი, ღირსეული მომავალი თუ გვინდა რომ გვქონდეს, ჩვენ მძაფრად გვესაჭიროება განათლება. არა მარტო რელიგიური, არამედ ზოგადად განათლება, რომლის არქონაც მყესებს გვიჭრის და წინსვლის უნარს გვაკარგვინებს.  

მეტანოია გვჭირდება სხვა უმცირესობებსაც: სირცხვილია, როცა ერთი კატეგორიის რელიგიური უმცირესობები სხვა კატეგორიის უმცირესობების შეზღუდვასა და დამცირებას ვითხოვთ, უმრავლესობის გულის მოსაგებად, ან საკუთარი ტყავის გასაფრთხილებლად. ასეთი უმცირესობები ვღალატობთ ღმერთს და ვღალატობთ ადამიანს. ასეთ შემთხვევაში მარტო მობოდიშება არ გვიშველის, თუნდაც შორეულ მომავალში,  ჩვენ მძაფრად გვესაჭიროება მეტანოია – ანუ  საფუძვლიანი ცვლილება აზროვნებაში: მონურ აზროვნებაზე უარის თქმა და ღვთაებრივ აზროვნებასთან დაბრუნება, დაჩაგრულის მხარეზე დგომა, გარიყულისადმი ემპათია. რელიგია ჩვენგან გაბედულობას, უშიშრობასა და გულწრფელობას მოითხოვს. 

მეტანოიას, გულწრფელების შემთხვევაში, მივყავართ მშვიდობამდე და შერიგებამდე. სხვა ალტერნატივა არცერთ კულტურას არა აქვს და ამ საქმეში არც ჩვენი კულტურაა გამონაკლისი.

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი

თბილისი, 5 ივნისი, 2021

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი