ახალი ამბები

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყება

2 ივლისი, 2021 • 1284
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყება

სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და 6 ივლისიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება.

როგორც სამუშაო ჯგუფის წევრებმა განმარტეს, წარდგენილი 9 კანდიდატიდან 8-ის შემთხვევაში, ბიძინა სტურუას გამოკლებით, დამატებით გამოითხოვეს დიპლომების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანრი ოხანაშვილის თქმით, ნაწილმა წარმოადგინა დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ნაწილი წარმოადგენს, თუმცა ეს არ არის გასაუბრების გადადების წინაპირობა.

“9-ვე კანდიდატი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომ მიიღონ მონაწილეობა საკომიტეტეო განხილვებში. წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად თავსებადია კანონის მოთხოვნებთან”, — განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

შეთანხმდა კანდიდატების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა, რომელიც პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის განსაზღვრული წესით წარიმართება. “ქართულ ოცნებას” თითოეულ კანდიდატთან ინტერვიუსთვის 75 წუთი გამოეყოფა, ენმ-ს — 32, “შარლ მიშელის ჯგუფს”, “ლელოს”, “მოქალაქეებს”, “ევროპელ სოციალისტებს”, “გირჩს” — 15-15 წუთი, უფრაქიო ჯგუფების 11 წევრს — ჯამში 33 წუთი, ხოლო არასაპარლამენტო სუბიექტებს ჯამში 75 წუთი გამოეყოფათ.

ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციციის ნაწილი, რომელმაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, გადაწყვეტილებას შეიცვლის და განხილვებში ჩაერთვება სახალხო დამცველიც, რომელმაც წინმსრებად პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

არასამთავრობო სექტორის ნაწილის კრიტიკის მიუხედავად, ოხანაშვილის თქმით, საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობაზე მზაობა გამოთქვეს “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” (ყოფილი EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობსი კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყება. კომიტეტი ანბანური თანმიმდევრობით, დღეში 2 კანდიდატს გაესაუბრება.

კომიტეტში გასაუბრება გაიმართება 9 კანდიდატთან. ესენი არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”.

თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

ოპოზიციის დემარშის მიუხედავად, პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი