ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

2 ივლისი, 2021 •
სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოება პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 2 ივლისს, გაიმართა.

აპატურაის ჯილდო საქართველო-ნატოს  ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის გადაეცა.

ჯეიმს აპატურაი აღნიშნულ პოსტზე მუშაობას ასრულებს და ის ნატოში კიბერუსფართხოების მიმართულებას ჩაიბარებს.

როგორც დაჯილდოებისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აპატურაი ნატოში საქართველოს წარმომადგენელი უფრო იყო, ვიდრე ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში.

ზურაბიშვილის თქმით, აპატურაიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, იმ კუთხით, რომ ალიანსში საქართველოს მიმართ ნდობა გაჩნდა.

“მინდა აღვნიშნო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯეიმს აპატურაის დღევანდელი ჩამოსვლა. პრაქტიკულად, მგონი, მეთერთმეტე წელია, რომ ამ პოზიციაზე როგორც პირადი წარმომადგენელი ნატოს გენერალური მდივნის, კურირებს ჩვენს რეგიონს და წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს ნატო-ს სტრუქტურებში. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატოში და ეს არის ის მთავარი მოტივაცია რატომაც გადავწყვიტე, რომ 11 წლის თავზე გადმოგცეთ ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი