ახალი ამბები

COVID-19-ით სიკვდილის რეკორდული მაჩვენებლები — რა ხდება რუსეთში

2 ივლისი, 2021 • 1764
COVID-19-ით სიკვდილის რეკორდული მაჩვენებლები — რა ხდება რუსეთში

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთში COVID-19-ით დაღუპულთა რეკორდულ რაოდენობას აღრიცხავენ, ივნისიდან კი საგრძნობლად იმატა ინფიცირების შემთხვევების დღიურად დაფიქსირებულმა მაჩვენებელმაც.  ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა, მოქალაქეთა პასიურობის ფონზე, თავადვე ამბობს, რომ სამიზნე 60%-ის აცრას დათქმულ ვადაში ვერ შეძლებს.

ბოლო 4 დღეა, განსაკუთრებით მაღალია გარდაცვლილების რიცხვი. დღეს, 2 ივლისს, მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: ხელისუფლების მონაცემებით, გასულ 24 საათში 679 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 23 218-ს შეადგენს. The Moscow Times წერს, რომ პეტერბურგში, ამავე პერიოდში, 1 671 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია ამ ქალაქისთვის.

რუსეთში, რომელიც ევროპაში მეხუთეა COVID-19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოთა შორის, მიმდინარე პერიოდში გაუარესებულ ვითარებას ე.წ. დელტა შტამის გავრცელებასა და ვაქცინაციის ნელ ტემპს უკავშირებენ. AFP-ის თანახმად, მოსკოვის მერი ამბობს, რომ ქალაქში აღრიცხულ ახალ შემთხვევათა 90% ხსენებულ შტამთან არის ასოცირებული.

ვითარების გაუარესების პარალელურად, იცვლება რუსეთის ხელისუფალთა ტონიც კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან მიმართებით: ვლადიმერ პუტინმა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ თავისი ქვეყნის მიერ კორონავირუსთან ბრძოლას წარმატების ისტორიად წარმოაჩენდა, მოქალაქეებს მოუწოდა, აიცრან რუსეთის შიგნით წარმოებული 4 ვაქცინიდან რომელიმეთი. New York Times-ის მიხედვით, პრეზიდენტი მოსახლეობას ღია ეთერში, ნახევარი საათის განმავლობაში არწმუნებდა ვაქცინაციის სიკეთეებში.

“ეს საშიშია, საშიშია თქვენი სიცოცხლისთვის… ვაქცინა [კი] არ არის საშიში”, — დასძინა მან.

პუტინის თქმით, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 15%-მა (23 მილიონმა ადამიანმა) მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. დამოუკიდებელი ორგანიზაციის, “ლევადა ცენტრის” მიერ წელს ჩატარებული გამოკითხვით, რუსების 60%-ს აცრა არ სურს, რასაც სპეციალისტები სხვადასხვა გარემოებით ხსნიან. მათ შორისაა უნდობლობა ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი და რუსული მედიის გზავნილები, რომ COVID-19 არც ისე საშიში ვირუსია.

რუსეთის ხელისუფლების მიზანი ამ დრომდე იყო მოსახლეობის 60%-ის აცრა სექტემბრამდე, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში აღიარეს, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.

მეორე მხრივ, ძალაში შედის შეზღუდვებიც: მოსკოვის მერმა მიმართა ქალაქში მოქმედ დაწესებულებებს, სახლიდან ამუშაონ თანამშრომელთა მესამედი და ასევე დასძინა, რომ მომსახურების სფეროში მომუშავეთა 60% აგვისტოსთვის სრულად უნდა იყოს აცრილი.

Washington Post-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები სულ უფრო მატულობს, მოქალაქეები ვაქცინაციის დამადასტურებელ ყალბ მოწმობას 25 აშშ დოლარად ყიდულობენ. აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთმა პეტერბურგში მცხოვრები ქართველებისგანაც შეიტყო. ამ უკანონო სერვისს მოქალაქეებს ზოგი პოლიკლინიკა ქრთამის სანაცვლოდ სთავაზობს.

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, გერმანიამ თქვა, რომ კეტავს საზღვარს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა თავიდან აიცილოს COVID-19-ის მუტირებული შტამების იმპორტი. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელები იმავე წესებით სარგებლობენ, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან.

ამჟამინდელი მონაცემებით, რუსეთში ახალ კორონავირუსს 136 565 ადამიანი ემსხვერპლა, რაც უმაღლესი ოფიციალური მაჩვენებელია ევროპაში. თუმცა, ოფიციალური პირები ახლო წარსულში რიცხვებით მანიპულაციაშიც დაუდანაშაულებიათ, რაც აჩენს ეჭვს, რომ სურათი, შესაძლოა, უფრო მძიმე იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი