ახალი ამბები

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსის ჩატარების განკარგულება გამოსცა

1 ივლისი, 2021 • 1762
პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსის ჩატარების განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად. ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

  • გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორი;
  • ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
  • არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ – კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
  • ზვიად გაბისონია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
  • მარინე ჩიტაშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • სოფიო მიდელაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • გიორგი იაშვილი – სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
  • რევაზ კლდიაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
  • შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ჟვანიას შემცვლელს პარლამენტი ახალი წესით აირჩევს, რომელიც ამ კვირაში მიიღეს.

კანონით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც საკონკურსო კომისიის მეშვეობით შეარჩევს. ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს.

ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ პრეზიდენტმა განკარგულება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოსცეს. ვინაიდან, თამარ ჟვანია გადადგა და ვაკანტური თანამდებობა წარმოიშვა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა განკარგულება მისი გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.

ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს

მასალების გადაბეჭდვის წესი