ახალი ამბები

ადგილობრივები “დინამო არენას” ეზოში ავტოსკოლის გაუქმებას ითხოვენ — საია

1 ივლისი, 2021 • 1567
ადგილობრივები “დინამო არენას” ეზოში ავტოსკოლის გაუქმებას ითხოვენ — საია

თბილისში, “დინამო არენას” მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა სტადიონის ეზოში მოქმედი ავტოსკოლა “არტ დრაივის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ადგილობრივთა ინტერესებს დაიცავს.

“ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის ავტოსადგომი, სადაც შპს “არტ დრაივს” მოწყობილი აქვს სატვირთო მანქანების, მოტოციკლებისა და მსუბუქი ავტომობილების სასწავლო მოედანი, ესაზღვრება მოსარჩელეების კორპუსს.

შედეგად, მაცხოვრებლებს აწუხებთ სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების გამონაბოლქვი და ხმაური, რის გამოც დღის საათებში ისინი ვერ აღებენ ფანჯრებს და ვერ სარგებლობენ აივნებით”, — ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას ინფორმაციით, ადგილობრივები სასამართლოს მიმართავენ მოთხოვნით, რომ თბილისის მერიას დაევალოს აღნიშნული ტერიტორიის განსაზღვრულ სტატუსთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც სამშენებლო/სანებართვო და რეკრეაციული ზონის გამოყენებას გულისხმობს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “არტ დრაივის” იურისტს, დავით მეზვრიშვილს. მისი განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით სამართლებრივად უსაფუძვლოა და ამის დასამტკიცებლად მათ სამხარაულის დასკვნაც აქვთ, რომელსაც სასამართლოზე წარადგენენ.

“ზოგადად, მთავრობის რეგულაციებით რაც არის განსაზღვრული ხმაურთან დაკავშირებით, ეს არ ვრცელდება საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე. თუმცა ჩვენ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს ჩავატარებინეთ ექსპერტიზა ხმაურის გაზომვასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ ეს ხმაური არ გამომდინარეობს ამ ავტოსკოლიდან, არამედ ფარავს ფონური ხმაური, რაც არის გარშემო ქუჩებზე”, — განმარტა მეზვრიშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, პრობლემას არც გამონაბოლქვი წარმოადგენს, რადგან ავტომანქანების გამოშვების წელი 2015 წლიდან იწყება, ავტომანქანებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტექდათვალიერება, აკმაყოფილებენ ყველა დადგენილ სტანდარტს და გამონაბოლქვთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 2 ივლისს არის ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი