ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, კარგი იქნება, თუ მომდევნო 3 თვეში 1.5 მილიონი მოქალაქე აიცრება

30 ივნისი, 2021 •
ტიკარაძის თქმით, კარგი იქნება, თუ მომდევნო 3 თვეში 1.5 მილიონი მოქალაქე აიცრება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსზე თვეში ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

როგორც ტიკარაძემ დღეს, 30 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც ამცრელთა 281 ბრიგადა მუშაობს და თითოეული ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა, 8-საათიანი გრაფიკით, 60 პაციენტია.

ტიკარაძის თქმით, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის და მათი სამუშაო საათების გაზრდა იგეგმება.

“თუმცა წინა კვირაში, არაერთი სამუშაო შეხვედრისას, კლინიკების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ მზაობა და შესაძლებლობა, გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც ბრიგადების დამატებით, ასევე, საათების დამატებით, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეების ნაწილი დასაქმებულია და შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ  დროის მიხედვით ხელშეწყობა.

ჩვენ გავზრდით სამუშაო საათებს. იმ რესურსით, რაც ამ ეტაპზე საქართველოში არის მობილიზებული, შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა. ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იდენტიფიცირებულია რამდენიმე ადგილი, სადაც მოქალაქეებს კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა ნაკლებად აქვთ და სადაც “მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას სხვა ფორმატში” შეეცდებიან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ერთი ასეთი მაგალითი უკვე არის თბილისში, “ჰუალინგში”. შედარებით მცირე ზომის ცენტრის გახსნა იგეგმება ლილოში.

ამასთან, ვაქცინაციის ცენტრებში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჩინური წარმოების ვაქცინები, ხოლო “ფაიზერით” და “ასტრაზენეკათი” აცრა, უსაფრთხოებიდან გამოდინარე, მხოლოდ კლინიკებში გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში აცრილია 261 652 ადამიანი. ამასთანავე, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი, ფაქტობრივად, ამოწურულია და ჯერ ახალი მარაგები შემოსული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი