ახალი ამბები

ასეთი თემებისთვის მზად არ ვარ — ჭყონია მერობის კანდიდატობაზე

30 ივნისი, 2021 • 1027
ასეთი თემებისთვის მზად არ ვარ — ჭყონია მერობის კანდიდატობაზე

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძისგან და სხვებისგან მართლაც მოისმინა აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატის სტატუსით იყაროს კენჭი, თუმცა თავად ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მსგავსი გეგმები არ აქვს.

“საუბარი არის, რომ მამუკა ხაზარაძეს, ოპოზიციას, ბევრ პოლიტიკოსს… და დავანებოთ თავი ოპოზიციის მოთხოვნილებებს, თავად ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა. ერთპარტიული მმართველობა, ეს არის ძალიან ცუდი იმიჯის [შემქმნელი] მისთვის.

ქვეყანას სჭირდება კოალიციური, ინტელექტუალური მმართველობა. ამიტომ წარმოიშვა აზრი, რომ კოალიციური, ინტელექტუალური მმართველობის [მაგალითი] ყოფილიყო თბილისში.

…ეს აზრი რომ ტრიალებდა, ამის მერე იფიქრეს, ყველაზე დამოუკიდებელი, არაპარტიული, შესაძლებელია, იყოს თემურ ჭყონიაო… რა თქმა უნდა, მე არ ვარ მზად ასეთი თემებისთვის. ვფიქრობ, ბევრ რამეში ვარ წარმატებული, მაგრამ არ მგონია, ძალიან მაგარი მერი ვიყო”, — განუცხადა ჭყონიამ “ნეტგაზეთს”:

ბიზნესმენის აზრით, მოქმედ მერს, კახა კალაძესაც შეუძლია, იყოს კონსენსუსური კანდიდატი თბილისში.

“კალაძეს შეუძლია, თბილისის მერობა მოიგოს დამოუკიდებლად, ყოველგვარი პარტიულობის გარეშე.

კალაძე შეიძლება გახდეს ისტორიული პოლიტიკოსი, თუ თბილისში ჩამოაყალიბებს კოალიციურ მთავრობას თბილისის მერობის დროს.

კალაძეს არ უხდება გენერალური მდივნობა. ის არის არაჩვეულებრივი იმიჯი ქალაქისთვის, თუ იქნება თავისუფალი მერი, ყველა პარტიისგან არჩეული”.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, ხაზარაძის გარდა კიდევ ვისგან მოდიოდა აზრი იმის შესახებ, რომ ჭყონია თბილისის მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა. ბიზნესმენის თქმით, გვარებს ვერ დაასახელებს.

“მგონი, ბევრნი იყვნენ… ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა” ,— თქვა მან.

“არც ხაზარაძე იქნებოდა ცუდი, მაგრამ ახლა ერთმანეთის შექება გამოგვივა და ხალხი იტყვის, შეკრულები არიანო”, — დაამატა ბიზნესმენმა.


“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 29 ივნისს ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ „ძალიან კარგი იქნება“, ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს. „ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით“, – თქვა მან.

წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ ხაზარაძეს უთხრა, რომ მას აქვს „კულუარული ინფორმაცია“, მერობის კანდიდატობა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შესთავაზეს და ხაზარაძეს ჰკითხა, ეს მართლაც ასე იყო თუ არა, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა:

„თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო, ძალიან კარგი“.

„ვფიქრობ, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არა აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი“, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა:

„მე მქონდა საუბარი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი