ახალი ამბები

Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება, კომპანია 6 მიმართულებას ამატებს — სამინისტრო

29 ივნისი, 2021 •
Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება, კომპანია 6 მიმართულებას ამატებს — სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.

„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – „ვიზეარის“ ბაზა  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში  გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და, ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აცხადებს თურნავა, რომლის კომენტარსაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობითვე, პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ივლისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა პირდაპირი რეგულარული რეისით შესრულდება. აქედან 111 პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, ხოლო 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით შესრულდება. ორივე ავიაკომპანია, როგორც ვიზეარი, ისე FLYARYSTAN ზაფხულის სეზონზე ეტაპობრივად გეგმავს როგორც მიმართულებების, ისე სიხშირეების გაზრდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი