ახალი ამბები

ვაქცინირებულებს გერმანიაში მოგზაურობა შეუძლიათ, მაგრამ არა სინოფარმით აცრილებს

29 ივნისი, 2021 •
ვაქცინირებულებს გერმანიაში მოგზაურობა შეუძლიათ, მაგრამ არა სინოფარმით აცრილებს

საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, 25 ივნისიდან გერმანიაში ნებისმიერი, მათ შორის ტურისტული მიზნით, მოგზაურობის უფლება აქვთ. თუმცა გერმანია ამ ეტაპზე არ იღებს სინოფარმითა და სინოვაკით აცრილ მოქალაქეებს.

გერმანიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, გერმანიის საზღვრის კვეთის უფლება რომ მიეცეს, ის სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული. ამასთან, სრულად ვაქცინირების თარიღიდან 14 დღე უნდა იყოს გასული.

თუმცა გერმანია ხელმძღვანელობს პოლ ელრიხის ინსტიტუტის რეკომენდაციით, რომელიც თავის მხრივ ევროპის წამლის სააგენტოზე დაყრდნობით ავტორიზებულ ვაქცინებად ჯერჯერობით მხოლოდ Pfizer-BioTech-ს, AstraZeneca-ს, Moderna-სა და Janssen-ს (J&J-ს) აღიარებს. თუ EMA სხვა ვაქცინებსაც მიანიჭებს ავტორიზაციას, ეს, სავარაუდოდ, გერმანიაზეც აისახება.

შესაბამისად, გერმანიაში მოგზაურობა რომ შეძლოს, საქართველოს მოქალაქე სწორედ ამ 4 მწარმოებლის მიერ გამოშვებული ვაქცინით უნდა იყოს აცრილი.

სიაში არ არის სინოფარმი და სინოვაკი, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობაა აცრილი და რომელიც 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი, განსხვავებით ასტრაზენეკასა და პფაიზერისგან.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას საქართველო 13 ივნისიდან შეყვანილი ჰყავს „მსუბუქი რისკის შემცველ არეალებში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის, აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება და არც იზოლაცია/კარანტინი არ არის სავალდებულო.

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ-ფორმით არის შესაძლებელია გერმანიის საზღვრის კვეთამდე 3 დღით ადრე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე წერს, რომ გასათვალისწინებელია:

„პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა. შ.“


ამ ეტაპზე ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სინოფარმითა და სინოვაკით ვაქცინირებულ მოქალაქეებს რთავს სხვადასხვა, მათ შორის ტურისტული მიზნით მოგზაურობის ნებას, არის:

  • ბულგარეთი;
  • ესპანეთი
  • ესტონეთი
  • კვიპროსი (მხოლოდ სინოფარმით, ჯერჯერობით არა სინოვაკი)
  • საბერძნეთი
  • ავსტრია

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი