ახალი ამბები

ევროკავშირში უკანონოდ მიიჩნევენ ბელარუსის საპასუხო ქმედებებს სანქციებზე

29 ივნისი, 2021 • 921
ევროკავშირში უკანონოდ მიიჩნევენ ბელარუსის საპასუხო ქმედებებს სანქციებზე

ევროკავშირში გმობენ ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში მონაწილეობის შეჩერებაზე და აცხადებენ, რომ “ლუკაშენკოს დიქტატურის საპასუხო მოქმედებები არაკანონიერია”.

გუშინ, 28 ივნისს,  ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებზე საპასუხო რეაქცია იყო.

ბელარუსი ასევე აჩერებს ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებასაც. ამასთან, ბელარუსის მთავრობამ ბრიუსელიდან ევროკავშირში თავისი მუდმივი წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გამოიწვია და ბელარუსში ევროკავშირის წარმომადგენელსაც იგივე შესთავაზეს.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, გაერთიანება მზადაა, კვლავ გააგრძელოს ბელარუს ხალხთან მუშაობა კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული თანამშრომლობის განსავითარებლად და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

“ევროკავშირმა დააწესა სანქციები ძირითადი უფლებების, დემოკრატიის დარღვევისა და ძალადობრივი რეპრესიების გამო. ჩვენ ვგმობთ ლუკაშენკოს დიქტატურის საპასუხო მოქმედებებს, რომლებსაც არც კანონიერება და არც მიზეზი გააჩნია.

ევროკავშირი დგას ბელარუსელი ხალხის გვერდით, ვინც იმსახურებს უკეთესს, ვიდრე იმას, რაც ახლა აქვს”, – წერს ტვიტერზე ბორელი.

ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილება უკან გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ბელარუსელი ხალხისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობების ჩამორთმევა, მათზე მკაფიო ნეგატიური გავლენას იქონიებს.

“[მივმართავ] ბელორუსელ ხალხს: შეგიძლიათ ენდოთ ევროკავშირს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და გიცხადებთ სოლიდარობასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

ჩვენ შეგახსენებთ თქვენს უფლებას, აირჩიოთ თქვენი პრეზიდენტი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.

[მივმართავ] პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმს, პირველ ადგილზე დააყენე ბელარუსის მომავალი”, – წერს ტვიტერზე შარლ მიშელი.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით კი, აღმოსავლეთ პარტნიორობაში ყოველთვის იქნება ბელარუსის ადგილი.

“აღმოსავლეთ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოჰქონდა სარგებელი ხალხისთვის.  ჩვენს პარტნიორობაში ყოველთვის იქნება ადგილი დემოკრატიული  ბელარუსისთვის”, – წერს ვარჰეი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორის, შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, კარლ ბილდტის თქმით, ბელარუსის ქმედებაზე საპასუხო მესიჯი ევროკავშირისგან უნდა იყოს, რომ ბელარუსელი ხალხისთვის ადგილი აუცილებლად შეინახება.

“ევროკავშირის მესიჯი ბელარუსელი ხალხისთვის უნდა იყოს ის, რომ ახლა ადგილი ცარიელია, მაგრამ ის აუცილებლად შეინახება იმ დრომდე, როცა მინსკის ბანდიტური რეჟიმი გაქრება”, – წერს ბილდტი.

ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც, რომლის თქმითაც, არალეგიტიმურ მმართველებს ლეგიტიმური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ.

“ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, გავიდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან და ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმებიდან, არ უნდა აღვიქვათ სერიოზულად. ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც მას შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა”, – წერს ლანდსბერგისი.

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაიას თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გასვლა ბელარუსის ინტერესებში არ შედის, ამიტომ, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გააგრძელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებებსა და სამიტში მონაწილეობას.

“ბელარუსი გააგრძელებს მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ლუკაშენკოს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უკანონოა და აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გასვლა ბელარუსების ინტერესებში არ შედის. ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებებსა და სამიტში”, – აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.

ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. მისი თქმით, შეიძლება ვინმემ გამოაცხადოს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გასვლის შესახებ, მაგრამ “გეოგრაფიას ვერ გაექცევა”.

“ბელარუსები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ჩვენი ევროპული ერების ოჯახის ნაწილად. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, სანამ საჭირო იქნება ალექსანდრ ლუკაშენკოს ისტორიული შეცდომების გამოსასწორებლად”, – წერს კულება.


აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთობლივი პოლიტიკური  ინიციატივაა, რომლის მიზანია ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება. ბელარუსის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი