ახალი ამბები

EU-მ, აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესეს

21 ივნისი, 2021 • 1077
EU-მ, აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესეს

აშშ-მა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს.

ისინი ბელარუსის მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მათ ასევე მოუწოდეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის მთავრობას, რომ ითანამშრომლონ საერთაშორისო გამოძიებასთან 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგოს დაკავებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო 78 ფიზიკურ პირსა და 8 კომპანიას. მათივე ცნობით, სანქცირებულთა შორისაა ის 7 ფიზიკური პირი და ერთი დაწესებულება, რომლებიც 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან არიან დაკავშირებული. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც “მხარს უჭერენ და სარგებლობენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან”.

ამჟამად ევროკავშირის სანქციები 166 პირსა და 15 კომპანიაზე ვრცელდება, რაც სანქცირებულებისთვის ფინანსური აქტივების გაყინვას, ფინანსური საქმიანობების შეზღუდვასა და ფიზიკური პირებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაუწესეს 5 ბელარუსულ კომპანიასა და 16 ფიზიკურ პირს. მათივე ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა ლუკაშენკოს პრესმდივანიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი