ახალი ამბები

ანაკლიის პორტის თქვენეული ხედვა არის საუკუნის ძარცვის პროექტი – ღარიბაშვილი ხაზარაძეს

28 ივნისი, 2021 • 2431
ანაკლიის პორტის თქვენეული ხედვა არის საუკუნის ძარცვის პროექტი – ღარიბაშვილი ხაზარაძეს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საერთაშორისო სასამართლო დავა მამუკა ხაზარაძის მხრიდან ქვეყნისთვის “საუკუნის ძარცვაა”, რადგან ის სასამართლოში კომპენსაციის სახით 1.5 მილიარდ ლარს ითხოვს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

მან გამოსვლისას მამუკა ხაზარაძე და “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეადარა ერთმანეთს და განაცხადა, რომ ივანიშვილმა “საკუთარი ჯიბიდან” ქვეყნისთვის 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხაზარაძემ კი ანაკლიის პორტისთვის- 3 მილიონი დოლარი.

“ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ, შედარებისთვის, ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი.

დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის. რამდენს?! 1.5 მილიარდ დოლარს. რომ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, წაგლიჯოს 1.5 მილიარდი დოლარი. ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე. თქვენეული ხედვა,ბატონო მამუკა, არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, მეგობრებო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისგან, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან და თავად ღარიბაშვილისგანაც, პრემიერობის დროს, ანაკლიის პორტს სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ჯერ 60 მილიონი ლარი დახარჯა, შემდეგ 300 მილიონის ვალდებულება აიღო, გამოისყიდა მიწები, შემდეგ კი 100 მილიონი დოლარი აიღო ვალდებულების სახით და ოთხჯერ გადაავადა პროექტის შესრულება.

“დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, ნახავთ, რომ იქ არის ქვიშის გორები და ხალხი ვერ სუნთქავს ადგილზე იმიტომ, რომ დაიწყეს რაღაც სამუშაოები, რაც გითხარით, 3 მილიონი დოლარი, ჩემი ინფორმაციით დაიხარჯა ბატონი ხაზარაძის და მისი ჯგუფის მიერ და რეალურად არაფერია შესრულებული. ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი. დავუშვათ, დახარჯეს ამდენი, მაინც 1.5 მილიარდს უჩივიან ჩვენს გაღარიბებულ ქვეყანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ასევე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა ღარიბაშვილს. ხაზარაძის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ღარიბაშვილი გულწრფელად იტყოდა, თუ რა მოხდა რეალურად ანაკლიის პორტის გარშემო. მისი განცხადებით, მთავრობამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გავლით, სპეცოპერაცია ჩაატარა, რადგან დააყადაღა მათი ანგარიშები:

“დააყადაღეთ იმ ადამიანების ანგარიშები, რომლებსაც მოზიდული აქვთ ათობით მილიონი დოლარი და უნდა დაეფინანსებინა მიმდინარე ოპერაციები ანაკლიაში. დაგვიყადაღეთ და დღესაც დაყადაღებულია ანგარიშები. ამას დავამატოთ ის ამბავი, რომ უპრეცედენტოდ მოიქეცით და გამოგვაცხადეთ დამნაშავეებად. სასამართლოშიც შევიტანეთ სარჩელი, მაგრამ პროცესი არ ჩაინიშნა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მიმართვისას ხაზარაძემ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურნავა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც “მაშინ სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ამ პროექტიდან”, თუმცა ამჟამად აღარ ცდილობს, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება.

“მგონი, მან [თურნავამ] უნდა გითხრათ თქვენ, რომ თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება. იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა. არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არავინ შემოვა. მე ორი წელია, რაც არ ვარ ამ პროექტში და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მამუკა ხაზარაძეს რომ მომართეთ ანაკლიაზე, აბსოლუტურად გაუგებარი იყო”, – მიმართა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს.

“ლელოს” ლიდერის თქმით, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, “როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში”. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მთავრობა “სასწრაფოდ” უნდა შეხვდეს ინვესტორებს, შეაჩეროს ვაშინგტონსა და ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო დავა, გააფორმოს შერიგების კონტრაქტი და ამ ყველაფრის შემდეგ ინვესტორები გამოჩნდებიან.


2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC  Hodling (საქართველო)

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი