“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არა სამუშაო ადგილების ნაკლებობის, არამედ “განათლებაში ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმზე სწორად ორიენტირების” პრობლემაა. ამის შესახებ მან დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სისტემა სწორად უნდა ორიენტირდეს ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმზე .
“ცოტა არაპოპულარულ რამესაც ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოს იმით, რომ ქვეყანას სიღარიბე, უმუშევრობა და ყველაფერი უბედურება კლავს. ამ დროს რეალობასაც შევხედოთ, ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად უჭირს კვალიფიციური, მშრომელი ადამიანის რესურსი. მე ვფიქრობ, ამ კუთხით განათლება არის და უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი, არის უმთავრესი. ჩვენთან სამუშაოს ნაკლებობა არ არის, ჩვენთან არის გარკვეულწილად ნაკლებობა სწორად ორიენტირებული, თუ გნებავთ, შეცვლილი ქცევის, სწორად ორიენტირებული პროფესიული განათლების, განათლებაში ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმზე სწორად ორიენტირების. თითოეული ჩვენი ოჯახი სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვგეგმავდეთ. ამ კუთხით ძალიან მისასალმებელია, რომ პროფესიული განათლება თავისი ხარისხით და მასშტაბით, ინკლუზიურობით, არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი. სხვა მხრივ, რაც არ უნდა ვზარდოთ ბიუჯეტი და სოციალურ დახმარებებში ვარიგოთ, შედეგი არ გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.