ახალი ამბები

საბერძნეთის ციხეში საქართველოს  მოქალაქემ მეორე ქართველი მოკლა – საელჩო

27 ივნისი, 2021 •
საბერძნეთის ციხეში საქართველოს  მოქალაქემ მეორე ქართველი მოკლა – საელჩო

საბერძნეთში, ქალაქ ხანიის ციხეში საქართველოს მოქალაქემ მეორე ქართველი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, შემთხვევა 26 ივნისს მოხდა, რა დროსაც ქართველმა მის თანამოსაკნე ქართველს ჭრილობები ხელნაკეთი დანით მიაყენა.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი და საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, კომპეტენციის ფარგლებში გარდაცვლილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინოს.

“ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა დაპირისპირება. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი