ახალი ამბები

ვატო ყიფიანის საქმე: პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

26 ივნისი, 2021 • 957
ვატო ყიფიანის საქმე: პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ვატო ყიფიანთან დაკავშირებით, რომელიც 25 ივნისს, საქართველოში დააკავეს.

უწყების თანახმად, სამართალდამცავებმა ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას ბრალი უკვე წარედგინა “ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, [ასევე] ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე”.

“პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, — დასძენს უწყება.

ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, საქმე დაკავშირებულია ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებასთან. ამ საქმეზე გასული წლის იანვარში საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჯამში, 7 ადამიანი დააკავეს: 6 მათგანი საქართველოში, 1 კი — უკრაინაში.

მაშინ გამოძიება ამბობდა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის(ძმები ფეიქრიშვილების) განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.

ადვოკატის თქმით, ბრალი აბსურდულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მას არ აღიარებს.

თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ თქვა, რომ ყიფიანი უკრაინიდან იძულებით გამოაძევეს და თავისი წარმოშობის ქვეყანაში დააბრუნეს.

უწყების სიტყვებით, რამდენჯერმე ნასამართლევი და მძიმე დანაშაულებისთვის მანამდე სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული ყიფიანი ფიგურირებდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შედგენილ სიაში, როგორც პირი, რომლის ქმედებებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნულ უსაფრთხოებას.

უკრაინის პოლიცია ყიფიანს ასევე ედავება, რომ ის გავლენიანი რუსი და ქართველი “კანონიერი ქურდების” ინტერესებს წარმოადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი