ახალი ამბები

მხარს ვუჭერთ გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნას — ლანდსბერგისი

26 ივნისი, 2021 • 1157
მხარს ვუჭერთ გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნას — ლანდსბერგისი

ლიეტუვისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, ე.წ. მცოცავ ოკუპაციასა და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავების ფაქტებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილთან და დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მათ ხაზი გაუსვეს, რომ პროცესი უკანონოა, დაკავებულები კი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

ამ თემაზე საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უშუალოდ შეეხო ზაზა გახელაძის საქმეს და თქვა, რომ ეს საკითხი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც განიხილეს.

“ჩვენ ვისაუბრეთ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების საჭიროებაზე. ეს არის ძალიან მწვავე საკითხი საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ რეალურად მხარს ვუჭერთ მის მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული”, — დასძინა მან.

ზაზა გახელაძე გასულ წელს სოფელ ქვემო ჭალაში დააკავეს. მას “საზღვრის” უკანონოდ კვეთასა და სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

ლიეტუველი კოლეგის მსგავსად, ბორდერიზაციის პრობლემაზე ისაუბრა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსაბნდერ შალენბერგმაც.

“ნათელია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ დილით ვეწვიეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

განგრძობითი ბორდერიზაცია არის ის, რაც ნამდვილად გვაწუხებს. უბრალოდ მიუღებელია, რომ შენდება კონსტრუქციები, რომლებიც არ არის დროებითი.

ეს საკითხი გამწვავდა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. ვხედავთ, რომ ეს პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე. ამ კონტექსტში, ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და ეს ხალხი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე”, — აღნიშნა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება გამყოფი ხაზის მიღმაც.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში 26 ივნისს, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით იმყოფებიან.

მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მათ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი