ახალი ამბები

“მსახურთა შემოდგომა” — სამეფო უბნის თეატრი სცენას ნინო ხარატიშვილის პიესით უბრუნდება

25 ივნისი, 2021 • 3179
“მსახურთა შემოდგომა” — სამეფო უბნის თეატრი სცენას ნინო ხარატიშვილის პიესით უბრუნდება

პანდემიის კრიზისით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სამეფო უბნის თეატრი სცენას ნინო ხარატიშვილის პიესით უბრუნდება. “მსახურთა შემოდგომას”, რომელიც, ავტორის თქმით, წარმოადგენს დრამას შავი იუმორის ელემენტებით, მაყურებელი 25 ივნისიდან იხილავს.

თეატრში დაბრუნებული მაყურებელი მალევე აღმოაჩენს საერთოს პანდემიის გამო შეცვლილ ცხოვრებასა და პიესის პერსონაჟების ყოფას შორის, ვინაიდან სამივე მათგანი იზოლაციაში ცხოვრობს და გარეთ განვითარებული დრამატული მოვლენებიდან გამომდინარე, ვერ გადის “პირქუში, მიტოვებული სასახლიდან”. ამ შემთხვევაში, ჩაკეტილობის მიზეზი სამოქალაქო ომია.

სცენარის მიხედვით, გენერალი — ქვეყნის პირველი პირი და ამ სახლის ბატონი — გაქცეულია. ყველამ თავს უშველა, სამი მსახურის — მზარეულ რინას, მოახლე კაელასა და ხელის გოგო ლუსის — გარდა.

“მიუხედავად რინასა და კაელას მცდელობისა, ომი მაინც იჭრება დახშულ ფანჯრებსა და ჩარაზულ კარებში, შეაღწევს სამყაროსგან მოწყვეტილი ქალების გონებაში.

კაელასა და რინას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ლუსი სათამაშოდ გადაიქცევა. მეტოქეები არ ერიდებიან არავითარ შეურაცხყოფასა და დამცირებას ერთმანეთის გასატეხად”, — გვაუწყებს სპექტაკლის აფიშა.

პიესის ავტორის თქმით, ეს არის ამბავი ადამიანად ყოფნაზე, ძალაუფლებაზე, ომზე, იზოლაციასა და ქალის როლზე ყოველივე ამაში; ამბავი იმაზე, რომ ხშირად ადამიანმა არც კი იცის, რა შეიძლება მოიმოქმედოს კონკრეტულ ვითარებაში, თუ ამას გარემოებები აიძულებენ.

“რეალურად, ალბათ, ის არის, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც არ ვიცნობთ და თუ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც ამ პიესაშია აღწერილი, იქნება ეს გამოწვეული ომით, სხვადასხვაგვარი ძალადობით თუ სისტემური ჩაგვრით, ჩვენ არ ვიცით, რაზე ვართ წამსვლელი, რა ურჩხულები იმალებიან ჩვენში…” ,— დასძენს ნინო ხარატიშვილი, შემდეგ კი პარალელს ავლებს მსოფლიოში ვირუსის გამო შექმნილ ვითარებასა და პიესაში ასახულ რეალობას შორის:

“მოცემულობა ასეთია, რომ იზოლაციაა, სამივე პერსონაჟი გამოკეტილია ერთ ადგილას და ვერ გადის იმ სივრციდან — სახლიდან თუ სასახლიდან. ეს, რაღაცნაირად, ძალიან კარგად აირეკლავს ჩვენს დროს. ბოლო წელიწადნახევარი ყველამ, ასე თუ ისე, საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ეს არის ერთ-ერთი [დეტალი], რატომაც მეჩვენა, რომ [პიესა] შეიძლება იყოს აქტუალური”.

სპექტაკლში, რომლის პრემიერაც 25, 26 და 27 ივნისს შედგება, მსახიობები ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე და ნატა მურვანიძე მონაწილეობენ. ბილეთები იყიდება როგორც სამეფო უბნის თეატრის სალაროებში, ისე biletebi.ge-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი