ახალი ამბები

რომან პროტასევიჩი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს — BBC

25 ივნისი, 2021 • 974
რომან პროტასევიჩი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს — BBC

ბელარუსელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა, რომლებიც მინსკში, Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ დააკავეს, შინაპატიმრობაში არიან გადაყვანილნი. ინფორმაციას BBC დაკავებულების მშობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროტასევიჩი და საპეგა 23 ივნისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ჟურნალისტს ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლება მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და “სოციალური მტრობის გაღვივებას” ედავება. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არეულობების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ პროტასევიჩის მეგობარ ქალსაც.

რა ვიცით წყვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

დაკავების შემდეგ პროტასევიჩი და საპეგა ბელარუსის სახელისუფლებო მედიაში არაერთხელ გამოჩნდნენ და ბრალი “აღიარეს”. თუმცა მათი ახლობლები და აქტივისტევი სარწმუნოდ არ მიიჩნევენ ჟურნალისტისა და მისი მეგობრის ამ კომენტარებს, დასძენენ რა, რომ ვიდეოები იძულებისა და ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი.

მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროტასევიჩი და საპეგა მინსკის ერთ-ერთ პარკში გადამღებ ჯგუფთან ერთად გამოჩნდნენ. ოპოზიციონერი აქტივისტების აზრით, სავარაუდოდ, ბელარუსის ხელისუფლება მორიგ პროპაგანდისტულ ვიდეოს ამზადებს.

რაც შეეხება შინაპატიმრობას: პროტასევიჩის მამისთვის, რომელმაც BBC-ს შვილის შინაპატიმრობაში გადაყვანა დაუდასტურა, უცნობია, რას ემსახურება ეს ამბავი.

“ჩემთვის რთულია, კომენტარი გავაკეთო ხელისუფლების ქმედებაზე, რა არის მათი მიზნები. შესაძლოა, რაიმე პოლიტიკური თამაში იყოს”, — დასძენს დმიტრი პროტასევიჩი.

მამისვე განცხადებით, რომელიც მეუღლესთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს, ბელარუსის ოფიციალური პირები არ დაკონტაქტებიან და არც ის იცის, როგორია შვილის ამჟამინდელი მდგომარეობა.

სოფია საპეგას მშობლები ასევე ადასტურებენ მის შინაპატიმრობაში გადაყვანას. მათი თქმით, ქალი მინსკში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ხუთშაბათს მასთან პირისპირ შეხვედრაც ჰქონდათ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში.

“შოკში ვართ”, — ამბობს საპეგას მამა, სერგეი დუდიჩი. მისი თქმით, მოხარულია, რომ საპეგა იზოლატორში აღარ არის და პატიმრობის პირობები შეიცვალა.

“მასთან ერთად KGB-ს ხალხი ცხოვრობს”

ზემოხსენებულს გამოეხმაურა ბელარუსელი ოპოზიციონერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველი ფრანაკ ვიაჩორკა, რომელიც დაკავებული ჟურნალისტის მშობლებსაც ესაუბრა.

ვიაჩორკას აზრით, წყვილის შინაპატიმრობაში გადაყვანა საერთაშორისო სანქციების შედეგია. თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ “ეს თავისუფლება არ არის”.

“ეს პატიმრობის განსხვავებული ტიპია. [პროტასევიჩთან] ერთად, იმავე ოთახში, KGB-ს ხალხი ცხოვრობს. მშობლებს არ აქვთ კონტაქტი რომანთან და ეშინიათ, რომ მას დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებენ”, — წერს ტიხანოვსკაიას მრჩეველი.

დასავლეთის სანქციები ბელარუსს

აშშ-მა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს.

ისინი ბელარუსის მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მათ ასევე მოუწოდეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის მთავრობას, რომ ითანამშრომლონ საერთაშორისო გამოძიებასთან 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებასა და  რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგოს დაკავებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო 78 ფიზიკურ პირსა და 8 კომპანიას. მათივე ცნობით, სანქცირებულთა შორისაა ის 7 ფიზიკური პირი და ერთი დაწესებულება, რომლებიც 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან არიან დაკავშირებული. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც “მხარს უჭერენ და სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან”.

ამჟამად ევროკავშირის სანქციები 166 პირსა და 15 კომპანიაზე ვრცელდება, რაც სანქცირებულებისთვის ფინანსური აქტივების გაყინვას, ფინანსური საქმიანობების შეზღუდვასა და ფიზიკური პირებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაუწესეს 5 ბელარუსულ კომპანიასა და 16 ფიზიკურ პირს. მათივე ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა ლუკაშენკოს პრესმდივანიც.

რა მოხდა მინსკის აეროპორტში?

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

დასავლური სახელმწიფოები და თავად ავიაკომპანია “რაინეარი” აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო ტერორიზმად აფასებენ.

თავად ბელარუსის კგბ-ს მტკიცებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „ჰამასი“ ბორტზე ბომბის აფეთქებას გეგმავდა. „ჰამასში“ ამას უარყოფენ.

Nexta, რომელსაც პროტასევიჩი ხელმძღვანელობდა, დეტალურად აშუქებდა ბელარუსში გასულ წელს დაწყებულ მასობრივ დემონსტრაციებს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

აქციები 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა ბელარუსის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ისევ ლუნაკშენკო გამოაცხადა. ამას არ შეეგუა ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური გამარჯვებული ხსენებულ არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაიაა.

პროტესტისას და მას შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ არაერთი ოპოზიციონერი დააკავა ან ქვეყნის დატოვება აიძულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი