ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთავრობა გალისა და ახალგორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციას შეიმუშავებს

25 ივნისი, 2021 •
მთავრობა გალისა და ახალგორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციას შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პოლიტიკის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება. გვაქვს გეგმა, რომ შევიმუშაოთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაც. საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის მოხსენების თანახმად, სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში დაარსებულმა ფინანსური მექანიზმის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორივე ოკუპირებული რეგიონიდან 14 პროექტი დაფინანსდა. საანგარიშო პერიოდში (2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 58 ახალ პროექტზე, რომელთა 60% მოიცავდა ნდობის აღდგენის აქტივობებს.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ყველა პროგრამის გათვალისწინებით, 398 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით გასამმაგებული რაოდენობაა.

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებმა 864-მა ადამიანმა ისარგებლა რეფერელური პროგრამით.

მასალების გადაბეჭდვის წესი