ახალი ამბები

მალე ძალიან დაცხება — როგორ დავიცვათ თავი? [რეკომენდაციები]

24 ივნისი, 2021 • 1631
მალე ძალიან დაცხება — როგორ დავიცვათ თავი? [რეკომენდაციები]

საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველგან ძალიან ცხელა. ტემპერატურა ბევრ ქალაქში 30 გრადუსზე მაღლა ავიდა, თბილისში კი 38-ს აღწევს. სიცხეები უახლოეს დღეები გაგრძელდება.

ამის ფონზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციათა სიას აქვეყნებს, რომელიც მოქალაქეებს სიცხისგან გამოწვეული გართულებების თავიდან ასარიდებლად დაეხმარება.

„მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე — იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე, უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა“, — წერს NCDC.

როგორც ცენტრი წერს, მაღალი სიცხე განსაკუთრებით სარისკოა 75 წელს და უფროსი ასაკის ხანდაზმულებისთვის; ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ახალშობილებისთვის; ქრონიკული დაავადებების მქონე და შშმ პირთათვოს; ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებელთა და ნარკოდამოკიდებულთათვის.

რეკომენდაციები

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • ·შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C-ს, ხოლო ღამით – 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს,  ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს

  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ, დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
  • დარჩით/გაჩერდით ჩრდილში.
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა.
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?

  • ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.
  • ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.
  • თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.
  • თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
  • შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.
  • თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით.

სრულად რეკომენდაციები წაიკითხეთ აქ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი