ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველო აფხაზეთის გარშემო კედლის აშენებას ცდილობს” | ხედვა სოხუმიდან

24 ივნისი, 2021 • 2679
“საქართველო აფხაზეთის გარშემო კედლის აშენებას ცდილობს” | ხედვა სოხუმიდან

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


“ქართველმა დიპლომატებმა მორიგ ჯერზე გამოიყენეს საკუთარი გავლენები და სოხუმში პირველ ივნისს ჩაშალეს ბავშვებისთვის დაგეგმილი სპორტსმენ ჰაბიბ ნურგმაგომედოვის მასტერკლასი”, – ასე შეაფასა აფხაზეთის ხელისუფლებამ ცნობილ სპორტსმენთან დაკავშირებული ინციდენტი. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ნურმაგომედოვის ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ აფხაზეთში ჩასვლას არც გეგმავდა და გავრცელებული ინფორმაცია აფხაზი ჟურნალისტების გამონაგონია. 

სად იყო სიმართლე და სად ტყუილი, აფხაზეთში აღარავის გაურკვევია, თუმცა გაიხსენეს მსგავსი შემთხვევები, როდესაც საქართველოს საელჩოების გავლენებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ღონისძიებებსა და თუ გამოფენებზე აფხაზი სპორტსმენების, არტისტებისა და მეწარმეების მონაწილეობა შეიზღუდა. 

ჩვენი რესპონდენტი კან ტანია, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა, ახლა კი ამავე უწყებაში განსაკუთრებულ დავალებათა ელჩის თანამდებობას იკავებს, გვიყვება, რომ ქართული მხარის ძალისხმევით აფხაზეთის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის წარმომადგენლები არაერთხელ დადგნენ და დღესაც დგანან მსგავსი შეზღუდვების წინაშე, როდესაც საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ.

“საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის გარშემო კედლის აშენებას ცდილობს, მაგრამ ეს უკვე არც ისე კარგად გამოსდის. საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, ნათლად ხედავენ არსებულ სიტუაციას და ჩვენი იზოლირების მცდელობებს”, – ამბობს კან ტანია. 

შეზღუდვა მსოფლიოში გადაადგილებაზე 

საქართველოს ხელისუფლების პოზიციის მიხედვით, აფხაზეთის მცხოვრებლებს  მსოფლიოში მოგზაურობის ან განათლების მიღების უფლებას აძლევს მხოლოდ საქართველოს ან ნეიტრალური პასპორტი. როგორც კან ტანია მიიჩნევს, რეალური სურათი სხვანაირია – აფხაზეთშ, ნეიტრალური პასპორტების აღების სურვილი არ გააჩნიათ, რადგანაც ისინი არ წარმოადგენენ ამ პასპორტების გამცემ სახელმწიფოს.

“ამ პასპორტებს გასცემს საქართველოს შსს და ეს ნიშნავს, რომ ეს არანაირი ნეიტრალური პასპორტი არ არის. ეს საქართველოს პასპორტია. ჩვენთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება და შეფერხებების გარეშე მათი გამოყენება უფრო მარტივია”, – ამბობს კან ტანია. 

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაცია თავად უბიძგებს აფხაზეთს, რუსეთის “მკლავებში აღმოჩნდეს”. 

კან ტანია, ფოტო: კან ტანიას ფეისბუკის გვერდიდან

კან ტანია, ფოტო: კან ტანიას ფეისბუკის გვერდიდან

შეზღუდვა განათლებაზე

ანჟელიკა [სახელი შეცვლილია] ჩივნინგი (Chevening) სტიპენდიების პროგრამით ბრიტანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა. ლონდონში მიღებული განათლების შემდეგ ისევ სოხუმში დაბრუნდა, სადაც ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა დაიწყო. როგორც გოგონა ჰყვება, ერთადერთი შეფერხება გამოცდისთვის მზადება იყო, ბრიტანეთში სტუდენტად წასვლა კი ტექნიკური თვალსაზრისით არ გასჭირვებია. 

“აფხაზეთი ჩივნინგის პროგრამაში მონაწილეობს არა როგორც საქართველოს ნაწილი, არამედ როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, თუმცა, არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ განათლება პოლიტიკისგან განყენებული უნდა იყოს, როგორც, მაგალითად, ბრიტანეთში, სადაც უნივერსიტეტები პოლიტიკური კონიუქტურიდან შორს არიან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ღია ანალიზი და კრიტიკა შეუძლიათ.

“ვისურვებდი, ჩვენთანაც ასე ყოფილიყოს. თუმცა ამ კუთხითაც და ცოდნის მიღების კუთხითაც ჩამოვრჩებით. ჩვენთან სწავლა ეს არის დასწავლის პროცესი, იქ კი – კვლევის”. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი კან ტანია დარწმუნებულია  რომ სურვილის შემთხვევაში, სწავლა ევროპაშიც შეუძლიათ აფხაზებს. კან ტანია თავადაც იტალიაში სწავლობდა ერთ-ერთი პროგრამის სტიპენდიით. 

წელიწადახევარში ერთხელ, საშუალოდ, ერთი აფხაზი სტუდენტი იტალიის ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს იღებს.

“უკვე არაერთმა აფხაზმა ახალგაზრდამ შეძლო იტალიაში პროფესიის მიღება და შემდეგ წარმატებულად დასაქმება აფხაზეთში. გარდა ამისა, ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობდა გერმანიაში, ესპანეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში”, – ამბობს კან ტანია. 

იზოლაცია საბანკო სფეროში

აფხაზეთში საერთაშორისო საიზოლაციო პოლიტიკის ეფექტი ყველაზე მეტად საბანკო სექტორზე აისახება.

“ადგილობრივ ბანკებს სვიფტები არ აქვს, რაც ართულებს საერთაშორისო გადარიცხვებს. რთულია ანგარიშების გახსნა, უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, საერთაშორისო კრედიტებისა და ვალების აღება, ვიზა და მასტერქარდის საფუძველზე საბანკო ბარათების გამოშვება და გამოყენება”,- გვიყვება აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბესლან ბარათელია. 

აფხაზი და რუსი ბანკირების მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა აფხაზური ბარათის “აპრას” [АПРА «World»] გამოშვება რუსული საგადასახადო სისტემის, “МИР”-ის ჩიპით იმისთვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებს ესარგებლათ საკუთარი პლასტიკური ბარათებით რუსეთში. 

სწორედ საბანკო იზოლაციის გამო, აფხაზეთში უფრო მეტად ნაღდი ანგარიშსწორებაა პოპულარული.

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – იზოლაციის ერთ-ერთი მექანიზმი

აფხაზეთში საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ასევე განიხილება აფხაზეთის იზოლაციის ერთ-ერთ მექანიზმად.

“ეს კანონი საქართველოსგან კიდევ უფრო გვაშორებს. საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, რომ თავადვე გვიშორებენ თავიდან ამ კანონით. ჩვენს შორის ვერანაირი ურთიერთობა ვერ შედგება, სანამ ოკუპირებულად მიგვიჩნევენ”, – ამბობს ახალგაზრდა დიპლომატი კან ტანია.  

ამასთან, ტანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ საზოგადოების დაკვეთას ასრულებს, რადგან სწორედ ქართული საზოგადოება არ არის მზად, თანასწორად ესაუბროს აფხაზებს. 

“სანამ საქართველოში მცხოვრები ხალხი ვერ გაიგებს, რომ საუკუნის მეოთხედზე მეტია ერთი ნაბიჯითაც კი არ წასულან წინ, არაფერი შეიცვლება. 

საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით მუშაობენ, ხედავენ, რომ საქართველოს რიტორიკაში და მიდგომებში არაფერი იცვლება”.

იზოლაციის პლუსები 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აფხაზეთში ზოგიერთმა ახალგაზრდამ იზოლაციაშიც იპოვა სარგებელი.

აფხაზეთში დღეს შეუძლებელია სხვა ქვეყნების ინტერნეტ მაღაზიებიდან პროდუქციის გამოწერა, რადგან აფხაზეთი არ არსებობს პოპულარული სავაჭრო საიტების რუკებზე.

ამ პრობლემის გამო აფხაზეთში ბიზნესის ახალი ტიპი გაჩნდა – ე.წ. შუამავლები, რომლებიც გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ სოჭის უახლოესი პუნქტიდან აფორმებენ შეკვეთას და ჩამოსული ამანათები აფხაზეთში შემოაქვთ. აფხაზეთში პროდუქციას პირდაპირ სახლებში არიგებენ.

სოხუმელი ასიდა მალია სწორედ ერთ-ერთი ასეთი შუამავალია, რომელმაც პროდუქციის გამოწერა დეკრეტში ყოფნის დროს დაიწყო, როდესაც ჩვილისთვის ხარისხიანი ტანსაცმლისა და სათამაშოების შეკვეთა გადაწყვიტა. შეკვეთებში მოგვიანებით მეზობლებსაც ეხმარებოდა. საბოლოოდ კი, ეს საქმე საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქცია. 

როგორც ასიდა მალია ამბობს, საკუთარ საქმიანობას იმაში ხედავს, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ის, რაც ერთი შეხედვით არ არის ხელმისაწვდომი.

“აფხაზეთის იზოლაცია – ეს ილუზიაა, ჩვენ გლობალურ სოფელში ვცხოვრობთ. ინტერნეტი აერთიანებს ყველას, გვინდა ეს თუ არა. თუ 20 წლის წინ ფიზიკურად ან ინფორმაციულად ჩვენი შემოღობვა შეიძლებოდა, დღეს ეს საზღვრები უფრო გაუფერულდა და შეიძლება ითქვას, გაქრა კიდეც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი