ახალი ამბები

მეგონა, “ნაცმოძრაობას” მოუწყვეს შემოსვლის გამო — ზარქუა ქალი დეპუტატების პერფორმანსზე

24 ივნისი, 2021 •
მეგონა, “ნაცმოძრაობას” მოუწყვეს შემოსვლის გამო — ზარქუა ქალი დეპუტატების პერფორმანსზე

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას” ეხებოდა პარლამენტში ქალი დეპუტატების მიერ გადმოფენილი ბანერი — “მატყუარა კაცების პარლამენტი”.

ასე გამოეხმაურა ის პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატი ქალების პერფორმანსს, რომლებიც თვითმმართველობაში კვოტირების სისტემის ცვლილებას აპროტესტებენ.

“ბანერი გამოფინეს “მატყუარა კაცების პარლამენტი”. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა, რომ ქალბატონმა ხათუნა სამნიძემ ეს “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწყო  იმიტომ, რომ ისინი ამბობდნენ, არ შემოვალ პარლამენტში, გამორიცხულიაო და მერე შემოვიდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ თემას არ ეხებოდა და სულ სხვა თემას ეხება”, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, “ქართული ოცნება” ქალთა უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს და კვოტირების სისტემის ცვლილების გაპროტესტებით ” სიცრუის ტირაჟირება” ხდება.

“ეს მცდელობა არის, რომ რაღაც დრამატიზება შევიტანოთ ყველაფერში. თუმცა ამის უფლება აქვთ. ქვეყანაში, სადაც ქალი პრეზიდენტია, მინისტრები ქალბატონები გვყავს, ცალკეული სამსახურის უფროსები ქალბატონებია, იქ ძალით ეძებო რაღაც დისკრიმინაცია… გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იქ, სადაც არ არის, არ უნდა ვეძებოთ”, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღეს, 24 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს, ქალთა უფლებადმაცველებმა ბანერის გადმოფენა სცადეს. თუმცა პარლამენტის მანდატურებმა ისინი სხდომათა დარბაზის მეორე სართულზე არ შეუშვეს. ამიტომ აქტივისტების ნაცვლად სხდომათა დარბაზში ბანერი დეპუტატმა ქალებმა, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ხათუნა სამნიძემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი წითლიძემ გადმოფინეს.


“ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემის შეცვლას აპირებს, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ.

თუმცა გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ამით პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით სიტუაცია უარესდება. როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ისე ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი “ქურდულად და შეუთანხმებლად” შეცვალეს.

“ოცნების მათემატიკა” – რატომ იცვლება თვითმმართველობებში კვოტირების სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი