ახალი ამბები

ბრიტანულ ტელევიზიებში არაჯანსაღი პროდუქტის რეკლამა 21 საათამდე იკრძალება

24 ივნისი, 2021 • 772
ბრიტანულ ტელევიზიებში არაჯანსაღი პროდუქტის რეკლამა 21 საათამდე იკრძალება

დიდ ბრიტანეთის მთავრობა ტელეარხებზე მასობრივი წარმოების არაჯანსაღი საკვების რეკლამის 21:00 საათამდე გაშვებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვა ეხება საკვებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, მარილსა და ცხიმებს. ასეთ პროდუქტებში კი შედის შოკოლადი, გამაგრილებელი სასმელები, ნამცხვრები, ტკბილეული, ნაყინი, ტკბილი სასმელები, ჩიფსები და პიცა.

ასევე იგეგმება ახალი წესის შემოღება ინტერნეტ შეთავაზებებზე, თუმცა არაჯანსაღი საკვების მწარმოებელ კომპანიებს ვებსაიტების ფლობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.

გასულ წელს დიდი ბრიტანეთი ონლაინ სივრცეში არაჯანსაღი საკვების რეკლამირების სრულად აკრძალვას გეგმავდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად შეზღუდვის არეალი შემცირდა.

შეზღუდვების დაწესების განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჭარბი წონა პრიორიტეტულ პრობლემად დაასახელა, რადგან BBC-ის ცნობით, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედს აწუხებს.

არაჯანსაღი საკვების რეკლამირების აკრძალვას არ ეთანხმებიან საკვების მწარმოებელი კომპანიები და ამბობენ, რომ აკრძალვა მათ ყოველწლიურად მილიონობით ფუნტი დაუჯდებათ.

მომავალი წლის ბოლოდან ტელეკომპანიებს უფლება ექნებათ, არაჯანსაღი პროდუქტების რეკლამები ეთერში მხოლოდ 21:00 საათიდან 05:30 საათამდე გაუშვან. აღნიშნული წესი არ შეეხება საწარმოებს, სადაც 250-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეზღუდვა ასევე არ შეეხება თაფლს, ზეითუნის ზეთს, ავოკადოს და მარმიტს, რადგან მიჩნეულია, რომ ეს პროდუქტები ბავშვებში ჭარბი წონის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად არ უწყობს.

მთავრობა აცხადებს, რომ ამ გზით ახალგაზრდებში არაჯანსაღი პროდუქტების მოხმარების დონის დაწევა სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი