ახალი ამბები

“ომბუდსმენი პოლიტიკური ფიგურაა” – გამყრელიძე ლომჯარიას განცხადებაზე

24 ივნისი, 2021 • 852
“ომბუდსმენი პოლიტიკური ფიგურაა” – გამყრელიძე ლომჯარიას განცხადებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არ გამოეხმაურება ნინო ლომჯარიას განცხადებას, ვინაიდან ის “პოლიტიკური ფიგურაა”.

საუბარია სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებაზე. ლომჯარიამ თქვა, რომ უვაქცინობა შესაძლოა შეფასდეს სიცოცხლის უფლების დარღვევად.

გამყრელიძემ დღეს, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ განცხადებას არ გამოეხმაურება.

“სახალხო დამცელი არის პოლიტიკური ფიგურა… მე მანამდეც განმიცხადებია, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ”, – ამბობს ის.

ამავე ბრიფინგზე გამყრელიძემ ასევე ისაუბრა პირბადის ტარების აუცილებლობაზე და თქვა, რომ პირბადე მთავარ ატრიბუტად უნდა დარჩეს, სანამ სულ მცირე 30% მოსახლეობისა არ აიცრება.

დამატებით კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ღია სივრცეში პირბადის მოხსნასთან დაკავშირებით – ის ამბობს, რომ საბჭოს მსჯელობა კონფიდენციალურია და “გარეთ ვერ გამოვიტან”.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, შეიძლება შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად.

“შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ ძალიან კრიტიკულად. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც იცავს ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისაგან, და როდესაც არ გვაქვს დღეს აცრები ქვეყანაში, ეს შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანრმთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად”, – განაცხადა პარლამენტში მყოფმა ომბუდსმენმა.

მისივე განცხადებით, კრიტიკის საგანია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის პანდემიის მართვისას მიღებული გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული.

“როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რის საფუძველზე, რა მეცნიერული გათვლების საფუძვლეზე.

რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებელი და არ გვაქვს ვაქცინები. რჩება განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკურ სარგებლიანობას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებსა და მეცნიერულ დასაბუთებებს. დღეს არსებული ვითარება კრიტიკას ექვემდებარება”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი