ახალი ამბები

უვაქცინობა შეიძლება სიცოცხლის უფლების დარღვევად შეფასდეს – ომბუდსმენი

23 ივნისი, 2021 • 1128
უვაქცინობა შეიძლება სიცოცხლის უფლების დარღვევად შეფასდეს – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, შეიძლება შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად.

“შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ ძალიან კრიტიკულად. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც იცავს ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისაგან, და როდესაც არ გვაქვს დღეს აცრები ქვეყანაში, ეს შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანრმთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად”, – განაცხადა პარლამენტში მყოფმა ომბუდსმენმა.

მისივე განცხადებით, კრიტიკის საგანია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის პანდემიის მართვისას მიღებული გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული.

“როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რის საფუძველზე, რა მეცნიერული გათვლების საფუძვლეზე.

რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებელი და არ გვაქვს ვაქცინები. რჩება განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკურ სარგებლიანობას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებსა და მეცნიერულ დასაბუთებებს. დღეს არსებული ვითარება კრიტიკას ექვემდებარება”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი