ახალი ამბები

“მისაღებია, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ” – ბოტკოველი პარლამენტიდან გასვლის ინიციატივაზე

23 ივნისი, 2021 • 922
“მისაღებია, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ” – ბოტკოველი პარლამენტიდან გასვლის ინიციატივაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, “ლელოს” ინიციატივა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გავლენ, მათთვისაც მისაღებია, თუმცა ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს.

როგორც გიორგი ბოტკოველი ამბობს, იმ პარლამენტში ჯდომა, “სადაც „ქართული ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის მოპოვებული”, კომფორტს არავისთვის წარმოადგენს.

“მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს შეეცდება, ის კლანი გააძლიეროს და გაამყაროს, რომელიც დღეს არსებობს სასამართლოში. რაც შეეხება „ლელოს” შემოთავაზებას, ჩემთვის გასაგებია, მისაღებია ეს შემოთავაზება, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებთ, მივიღებთ პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის და პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. რაც ჩვენ გავაკეთეთ, შემოსვლასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით ასევე. იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ქართული ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, ნამდვილად არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს. ამიტომ ამ ყველაფერზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და ენმ/ძალა ერთობაშიას ბლოკის წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გასვლა დააანონსეს. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის სხდომისას ისაუბრა, მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა ოქრიაშვილმაც.

დღეს, 23 ივნისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისიწნებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

2021 წლის 19 აპრილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც სასამართლო რეფორმას ითვალისწინებდა.

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა”, — ნათქვამია 19 აპრილის შეთანხმებაში.

“ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ტექსტის შესაბამისად მოქმედება “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო, 24 მარტს წარადგინა და აპრილში მიიღო “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; შემოღებულ იქნა გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი