ახალი ამბები

საქართველოს გზა დეოკუპაციისკენ მშვიდობიანია, მოვუწოდებ რუსეთს, იგივე გზას გაჰყვეს – ზურაბიშვილი

23 ივნისი, 2021 • 1171
საქართველოს გზა დეოკუპაციისკენ მშვიდობიანია, მოვუწოდებ რუსეთს, იგივე გზას გაჰყვეს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვა საკითხები განიხილეს.

რა თქვა ზელენსკიმ

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური დიალოგი კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს“:

„ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით, ურთიერთმხარდაჭერისა და ჩვენ შორის ნდობის დიდი დონის საფუძველზე“, – განაცხადა მან.

ზელენსკის თანახმად, უკრაინასა და საქართველოს „აერთიანებს ერთობლივი მიზნები ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოსაპოვებლად. ასევე, სასიამოვნოა, აღვნიშნოთ ჩვენი პოზიციის მსგავსება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებაზე“.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას: „შავი ზღვა უნდა იყოს თავისუფალი აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისთვის და ნაოსნობისთვის. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობა პარტნიორი სახელმწიფოების ფლოტებს შორის შავ ზღვაში. აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციისთვის საქართველოსთან და სხვა მეობლებთან და, იმედი მაქვს, მალე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ პროგრესს“, – თქვა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გამოხატა „საქართველოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ყირიმის ანექსიის მცდელობის არაღიარებისთვის და დონბასზე რუსული აგრესიის დაგმობისთვის“.

„ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. საქართველო ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტრიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – თქვა მან.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ კოორდინაცია „ადამიანთა შორის კონტაქტების და ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში“.

„დღის წესრიგში არის ვაქცინაციის დოკუმენტების აღიარება, რათა გავამარტივოთ მოქალაქეებისთვის საზღვრების გადაკვეთა“, – განაცხადა მან.

ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს საპატიმროში მყოფი მოქალაქეების გაცვლის საკითხი: „განვიხილეთ ასევე ჩვენი, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხედან ციხეებში საქართველოსა და უკრაინაში. იურიდიული პროცედურა იქნება დასრულებული და ეს პირები უახლოეს მომავლში დაბრუნდებიან სახლში“.

„მწამს, რომ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარება არის საქართველოსა და უკრაინის, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რა თქვა ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის მასპინძლობისთვის და დღევანდელ შეხვედრას უწოდა „დიდი დღე ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების საუკუნოვან ისტორიაში“. ორივე მათგანმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინაში.

„თუმცა მე მოხარული ვიყავი, რომ ვესწრებოდი თქვენს ინაუგურაციას და არ დამავიწყდება ის დღე“, – მიმართა ზურაბიშვილმა ზელენსკის.

„სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ გარკვეული დრო დაიკარგა. დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ჩვენი საერთო მიზნების გამყარებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა:

„მე პირადად ჩვენს ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. თვით 2020 წელს, 23 აპრილს, წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო და 21 წლის 9 აპრილის ჩემს საპარლამენტო სიტყვაში აღვნიშნე, რომ „არ მინდა, 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა; მიმაჩნია, რომ დღეს სოლიდარობის ნიშნად სასწრაფოდ, აუცილებლად დავაბრუნოთ ელჩი კიევში““.

ზურაბიშვილის განცხადებით, ამას მოჰყვა „ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა“:

„ამის მერე რამდენიმე ვიზიტი ორივე მხრი, — პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრები და დღეს ჩვენი ოფიციალური შეხვედრა აქ. მე ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის და ვთვლი, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნების ურთიერთობა „უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე: ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე“.

„დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ესაა ჩვენი ქვეყნების და ტერიტორიების დეოკუპაცია და ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის ფაქტორზე: „დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. ჩვენი, საქართველოს ამოცანაა, დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება. დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა, — და არ შემიძლია არ აღვნიშნო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა ამ მიმართულებით, რაც არის დიდი გამარჯვება, — და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობების აღდგენა“.

ზურაბიშვილმა ახსენა ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე:

„არ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაციები იმ დელიმიტაციის ხაზზე, გადაადგილება-გატაცებები და დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ვახსენო, რომ ჩვენი მოქალაქე, გახელაძე, რომელიც არის 12 წლით დაკავებული. ყველა უწყება მუშაობს მის გათავისუფლებაზე და ჩვენი პარტნიორებისგან ველით ამ კუთხით პირდაპირ მხარდაჭერას“.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გზა დეოკუპაციისკენ არის „მშვიდობიანი გზა და საქართველომ ნათლად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე“.

„მინდა მოვუწოდო რუსეთს, რომ იგივე გზას გაჰყვეს ამ რეგიონსა და მსოფლიოში“, – განაცხადა მან.

„პანდემიის შემდეგ უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა სტაბილიზაციის, დეესკალაციის და ბოლოს დიალოგის. დიალოგს სჭირდება დეესკალაცია და მე ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა აქ, ამ ადგილას, რასაც აქვს მნიშვნელობა, რომ კიევიდან იყოს ეს ნათქვამი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

„ვერც ერთი ესკლაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთა შორის რამე გზა მონახული კონფლიქტების დაძლევისთვის. ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა აუცილებელია და ვიცით, რომ არსებობს და იარსებებს“.

ზურაბიშვილმა ასევე მიუსამძიმრა კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს მხარდაჭერა შეახსენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი