ახალი ამბები

„შესაძლოა, საქართველოს დახმარებაზე წინაპირობები დაწესდეს“ – რეზოლუცია აშშ-ის სენატში

23 ივნისი, 2021 • 1253
„შესაძლოა, საქართველოს დახმარებაზე წინაპირობები დაწესდეს“ – რეზოლუცია აშშ-ის სენატში

აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა რეზოლუცია, რომელიც „მოუწოდებს ყველა პარტიას საქართველოში, 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისი იმპლემენტაციის შესრულებისკენ და კვლავ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და სურვილს, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი“.

დოკუმენტის თანახმად, „დაბრკოლებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე შეანელებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში, რის შედეგადაც შეიძლება [გარკვეული] წინაპირობები დაწესდეს აშშ-ის დახმარებაზე საქართველოსადმი“.

სენატის რეზოლუცია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაა და კანონპროექტის ხასიათს არ ატარებს. მის მისაღებად ხმათა მარტივი უმრავლესობაა საჭირო. თავდაპირველად რეზოლუცია უნდა განიხილოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა, შემდეგ კი, თუ კომიტეტი მას მიიღებს, განხილვა და ხმის მიცემა გაგრძელდება სენატის სრული შემადგენლობის მიერ.

ავტორები

რეზოლუცია ჯერ კიდევ 22 აპრილს, სენატორმა რონ ჯონსონმა (რესპუბლიკელი უისკონსინის შტატიდან) შეიტანა, ხოლო ტექსტის ამჟამინდელი ვერსია, კონგრესის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 22 ივნისით თარიღდება. დოკუმენტს უკვე აღუთქვეს მხარდაჭერა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი), კრის ვან ჰოლენმა (დემოკრატი, მერილენდი) და ჯონ ბარასომ (რესპუბლიკელი, უაიომინგი).

რა წერია რეზოლუციაში

აშშ-ის სენატი:

  1. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, „ერთიან აციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს, ბოლომდე მოახდინონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული კომპრომისის იმპლემენტაცია;
  2. მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში და დაგვიანების გარეშე დაიწყოს მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, მათ შორის — კორონავირუსის პანდემიის, დასუსტებული ეკონომიკის და გამომწვევი რეგიონალური დინამიკის მიმართულებით;
  3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებული იქნება დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციებით და უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და არაა გამოყენებული პოლიტიკური/პარტიული მიზნებისთვის, მათ შორის „ვენეციის კომისიის“ და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების სრული იმპლემენტაციით;
  4. მოუწოდებს საქართველს მთავრობას, შემოიღოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული საარჩევნო სისტემა, რომელიც მიმართავს პოლიტიკური ჩიხის ძირეულ მიზეზებს და აიცილებს თავიდან ამგვარი კრიზისის კიდევ ერთხელ დაწყებას, მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად იმპლემენტაციით;
  5. აცნობიერებს, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ამწვავებს რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, საქართველოში ქაოსი დათესოს, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაკანონიერად ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  6. გამოხატავს წუხილს, რომ დაბრკოლებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე შეანელებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, რის შედეგადაც აშშ-ის დახმარებაზე საქართველოსადმი შეიძლება [გარკვეული] წინაპირობები დაწესდეს;
  7. ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო მყარ დემოკრატიას საქართველოში მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც დემონსტრირებენ ერთიანობას, გამჭვირვალობას, შეკავებისა და კონტროლის სისტემას, რუსულ და სხვა გავლენასთან ბრძოლის შესაძლებლობას და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი