ახალი ამბები

ყოველი მეორის ნაცვლად ყოველი მესამე — ადგილობრივი არჩევნებისთვის კვოტირების წესი იცვლება

22 ივნისი, 2021 • 1409
ყოველი მეორის ნაცვლად ყოველი მესამე — ადგილობრივი არჩევნებისთვის კვოტირების წესი იცვლება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების წესი იცვლება. კერძოდ, ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

აღნიშნული ცვლილება შევა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იქნა განხილული.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ცვლილებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის იგივე სტანდარტი დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული.

კანონის მოქმედი რედაქციით კი, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია იმგვარად უნდა შეადგინოს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

თუმცა, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინაიდან საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საკრებულოებში პროპორციული წარმომადგენლობაც იზრდება, პარტიებს ექმნებათ სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენლით დაკომპლექტების პრობლემა.

“გვაქვს კვოტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიებისგან არის პრობლემატიკა დაყენებული, რომ ეს რეალურ პრობლემას შექმნის, იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციები იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რეალურად, პარტიებს ექმნებათ პრობლემა, რომ ყოველი მეორე დააკომპლექტონ [განსხვავებული სქესის წარმომადგენლით]. ამიტომ წინადადება არის, რომ ესეც დაუახლოვდეს პარლამენტის სტანდარტს და ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი იყოს განსხვავებული სქესის 2028 წლამდე [ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში]. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცვლილებების შესახებ უფრო მეტი დეტალის გაგება თავად შალვა პაპუაშვილისგან ვცადეთ, თუმცა  “ნეტგაზეთის” ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ ცვლილებას არ ეთანხმება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის”. როგორც ფრაქციის წევრი ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთს” ეუბნება, თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების წესის შეცვლაზე აქამდე ოფიციალურად არავის უსაუბრია, მათ შორის, არც იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სპეციალურად საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნა.

თუმცა იმის შესახებ, რომ მსგავს ცვლილებებზე საუბარი მიმდინარეობდა, ნაცვლიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც ისაუბრა. ნაცვლიშვილის პასუხად კი პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კვოტირების გაუარესების მხრივ ცვლილებები გამორიცხა. ნაცვლიშვილის თქმით, მაშინაც კულუარული ინფორმაცია ჰქონდა და არა ოფიციალური.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ პარტიებს უჭირთ სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენლით დაკომპლექტება, ნაცვლიშვილის თქმით, თუ პარტიები დროულად მუშაობას არასდროს არ დაიწყებენ, ყოველთვის აღმოაჩენენ, რომ დრო არ აქვთ და კვოტირების მექანიზმის შეამცირება ან სულაც გაუქმება მოუნდებათ.

“კვოტირების შემოღება სწორედ ამ ვალდებულებას გულისხმობდა, რომ პარტიებს მეტი და უფრო ეფექტურად უნდა ემუშავათ, რომ ერთი მხრივ, კონკრეტული ქალი კანდიდატების იდენტიფიცირება დაეწყოთ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე თუ იწყებ სიის ფორმირებისთვის ქალების ძებნას, ეს ცხადია, რომ ვერ მოესწრება და ბევრი პარტია აღმოაჩენს, რომ პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, მოუნდება კანონში ცვლილების შეტანა. ეგ არის საქმე, რომ შენ მანამდე უნდა იმუშაო აქტიური და კომპეტენტური ქალების გამოსავლენად ადგილებზე”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილი პროცედურულ დარღვევაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი ცვლილება არსებითი ხასიათისაა და კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე მისი დაყენებაც პრობლემაა.

“მანამდე ოფიციალურად არსად არ დამდგარა და არ გაჟღერებულა ეს საკითხი. მე სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც ვიყავი ჩართული. ეს კიდევ ცალკე საკითხია, რამდენად სწორია წმინდა პროცედურული და პროცესუალური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ეს არის არსებითი ხასიათის ცვლილება და არსებითი ხასიათის ცვლილება დადგეს მეორე მოსმენის რეჟიმში ისე, რომ პირველ მოსმენაზე არ იყოს მიღებული. ეს თავის მხრივ სერიოზული პრობლემაა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი