ნეტგაზეთი | “სხვანაირად გამიგეთო” – გახელაძის მამის თქმით, პრემიერმა უარყო, რომ შვილის გათავისუფლებას დაჰპირდა “სხვანაირად გამიგეთო” – გახელაძის მამის თქმით, პრემიერმა უარყო, რომ შვილის გათავისუფლებას დაჰპირდა – Netgazeti
Batumelebi | RU

“სხვანაირად გამიგეთო” – გახელაძის მამის თქმით, პრემიერმა უარყო, რომ შვილის გათავისუფლებას დაჰპირდა

ცხინვალის ციხეში დატყვევებული ზაზა გახელაძის მამა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მისი განცხადებით, ღარიბაშვილმა უარყო მისთვის წარსულში მიცემული პირობა, რომ ზაზა გახელაძეს საპატიმროდან დაიხსნიდნენ.

“წუხელ ჩემი ნალაპარაკები ნახეს, გაშიფრეს და მთხოვეს, თუ შეიძლებოდა ჩავსულიყავი და პირადად შევხვედრილიყავი [პრემიერ-მინისტრს]. ჩავედი ღარიბაშვილთან. რადგან თქვენ დაგვპირდით, რომ ორ კვირაში ზაზა უნდა გამოსულიყო, თქვენ ვერ გამოიყვანეთ-მეთქი. თქენ სხვანაირად გაიგეთ, მე ეგ სიტყვა ასე არ მითქვამსო”, – განუცხადა ზაზა გახელაძის მამამ “მთავარი არხის” ჟურნალისტებს.

მამის განცხადებით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს მისთვის კონკრეტული “არაფერი უთქვამს”.

“მე ვუთხარი, ჩვენი დიალოგი ასე ვერ გაგრძელდებოდა და მე ჩვეულებრივ ვაპირებ ხვალ გადასვლას და ოჯახში [თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] დარჩენილები ჩაატარებენ საპროტესტო აქციებს.

[ღარიბაშვილმა] გვირჩია, რომ არ გადავსულიყავი [ცხინვალისა და რუსული საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] , მაგრამ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ რადგან ვთქვი, მაინც უნდა წავიდე-მეტქი”, – უთხრა დაკავებულის მამამ ჟურნალისტებს.

გახელაძის მამის განცხადებით, 23 ივნისს გამყოფ ხაზს მიღმა გადასვლას გეგმავს, რათა დააკავონ და იმავე საპყრობილეში მოხვდეს, სადაც თავისი შვილია.

გახელაძეების ოჯახს პრემიერი ღარიბაშვილი 8 მაისს შეხვდა.

მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა გახელაძის ოჯახის წევრებს უთხრა, “რომ ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებად. ასევე, მისი თქმით, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან”.

გახელაძე ამ დრომდე ცხინვალის საპატიმროში რჩება.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით ბრალი წაუყენეს ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის ოქტომბრიდან. ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com