ახალი ამბები

მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არაა – თელასი

21 ივნისი, 2021 • 3848
მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არაა – თელასი

“თელასის” განმარტებით, აბონენტებისთვის თავიანთი მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად გაგზავნა სავალდებულო არაა.

“თელასმა” მომხმარებლებს სმს-ები გაუგზავნა, სადაც მათ სთხოვდა 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ მრიცხველის ჩვენების გაგზავნას. როგორც ნეტგაზეთს “თელასში” განუმარტეს, მრიცხველის ჩვენების გაგზავნა აბონენტებისთვის ნებაყოფლობითი და  მხოლოდ ერთჯერადია.

“ჩვენ ვებპორტალი შევქმენით და ამ ვებპორტალის მისამართიც გავუგზავნეთ ონლაინ პლატფორმით, სადაც სურვილისამებრ შეუძლიათ გამოგზავნონ[მრიცხველის ჩვენება]. ვალდებულება არ არის და ეს მოხდება მხოლოდ ერთხელ, იმიტომ, რომ 30 ივნისამდე მომხმარებელს ელექტროენერგიას მიაწვდის “თელასი”, ხოლო პირველი ივლისიდან, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია(“თელმიკო”)”, – აცხადებენ “თელასში”.

მათივე თქმით, 30 ივნისს შემდეგ აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანგარიშსწორება უკვე ახალ კომპანია “თელმიკოსთან” მოუწევთ.

“იმის გამო, რომ მომხმარებელთა მომსახურება “თელასიდან” გადადის “თელმიკოზე”, ჩვენ [“თელასს”] გვექნება მარტო ქსელის გამართულობა, ქვესადგურები, ახალი აბონენტების მიერთება. ხოლო მომხმარებელთან ურთიერთობა, ელექტროენერგიის ქვითრის გაგზავნა მომხმარებელთან, გადასახადის გადახდა იქნება ახალ კომპანიაში. ამის გამო ინფორმირება მოხდა”, – აცხადებენ “თელასში”.

ნეტგაზეთმა ინფორმაცია “თელმიკოსთანაც” გადაამოწმა. როგორც “თელმიკოში” აცხადებენ, აბონენტების მონაცემების მიწოდების სისტემა არ იცვლება და ისინი ქვითრებს ტრადიციულად მიიღებენ.

“რაც შეეხება “თელმიკოს”, როგორც იყო ადრე, სისტემა არ იცვლება. არც მონაცემების მიწოდების სისტემა იცვლება, არც ქვითრების დაგზავნის სქემები და გრაფიკი იცვლება. ეს ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო და მიჩვეულია მომხმარებელი”, – აცხადებენ “თელმიკოში”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი