ახალი ამბებირეკლამა

გერმანულენოვანი ქვეყნები 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიასა და ხელოვნებას გაეცნობიან

22 ივნისი, 2021 • 1159
გერმანულენოვანი ქვეყნები 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიასა და ხელოვნებას გაეცნობიან

24-27 ივნისს მწერალთა სახლი, ბერლინის ლიტერატურის სახლ Lettrétage-სთან თანამშრომლობითა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ხელშეწყობით, გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის, ონლაინლიტერატურულ ფესტივალს მართავს სახელწოდებით „საქართველოს პირველი რესპუბლიკა – 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“.

ფესტივალი ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლიტერატურულ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებს, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, 1921 წლის რუსული ოკუპაციიდან, 100 და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან 30 წლისთავს. პროგრამაში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი მწერლები, გამომცემლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები, ლიტერატურის კრიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტები და შეფმზარეულები.

 ონლაინფესტივალის ფარგლებში გერმანულენოვანი მკითხველისთვის ოცი ღონისძიება გაიმართება, მონაწილეები არიან: აკა მორჩილაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, აბო იაშაღაშვილი, სალომე ბენიძე, ნაირა გელაშვილი. ასევე, გერმანიაში მცხოვრები მსახიობი მერაბ ნინიძე და მუსიკოსი გიორგი კიკნაძე.

როგორც თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტ, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი ამბობს, ფესტივალს მოდერაციას გაუწევენ წამყვანი გერმანული მედიაგამოცემების ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი (FAZ), დორის აკრაპი (taz), კორნელია ცეჩე (Beyerischer Rundfunk) და ა.შ. პროგრამის სპეციალური სტუმარია ცნობილი გერმანელი მსახიობი, ულრიხ ნოეთენი.

„ონლაინფესტივალი უნიკალური საშუალებაა, რათა გერმანულენოვანმა აუდიტორიამ კიდევ ერთხელ შეიტყოს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს და გავიხსენოთ ბოლო ათწლეულების მანძილზე განვლილი ურთიერთხელშეწყობის, თანადგომის გზა.

ფესტივალის მსვლელობისას განხილული იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლების ლიტერატურული, კულტურული და პოლიტიკური პროცესები, სტალინური რეპრესიების მემკვიდრეობა, საბჭოთა ეპოქის სახელოვნებო ცენზურა, აუდიტორიას გავაცნობთ გერმანიაში გამოცემულ ახალ თარგმანებს, წარვუდგენთ ქართველ თანამედროვე ავტორებს, მუსიკოსებს, კულინარიას”, – ამბობს ნინია მაჭარაშვილი.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ეს უცხოენოვანი მკითხველებისთვის გამართული მეორე ამ ტიპის ონლაინფესტივალია, რომელიც მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება. ამ წლის თებერვლის ბოლოს ინგლისურენოვანი ფესტივალი გაიმართა, შემოდგომაზე კი ფრანგულენოვანი მკითხველისთვის გაიმართება მსგავსი ონლაინშეხვედრები. ონლაინფესტივალების ძირითადი თემა წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკაა.

მეორე წელია, რაც პანდემიის გამო საერთაშორისო ფორუმები და წიგნის ბაზრობები უქმდება, სადაც ქართველი ავტორები, გამომცემლები და მთარგმნელები ხვდებოდნენ უცხოელ გამომცემლებს, ავტორებს, აგენტებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის სამომავლოდ თარგმნის, პოპულარიზაციის მიზნით. ასევე გაუქმნდა პარიზის, ლონდონისა და ლაიფციგის წიგნის ბაზრობებიც.

როგორც მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური ამბობს, სწორედ ამ ფორუმებისა და წიგნის ბაზრობების გაუქმებით წარმოქმნილი ვაკუუმის შევსება სცადა მწერალთა სახლმა ონლაინფესტივალებით.

„ვერსად მივდივართ და იმისთვის, რომ უცხოენოვან აუდიტორიას არ დავავიწყოთ თავი, გადავწყვიტეთ ონლაინფორმატი გამოგვეყენებინა კავშირების შესანარჩუნებლად. ინგლისურენოვან ფესტივალს, რომელიც თებერვალში გავმართეთ, 80 სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავდა მაყურებელი.

ფესტივალის თემად პირველი რესპუბლიკა ავირჩიეთ, რადგან ეს იყო ხელოვნების, კულტურის, პოლიტიკური სისტემის რენესანსის წლები, მოდერნიზმის აღმავლობის ხანა. წელს ოკუპაციის 100 წელიც არის და ამაზე საუბარი აუცილებელია მსოფლიოსთან, რადგან დღემდე მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება საქართველოში”, – ამბობს ნატა ლომოური.

მწერალთ სახლის დირექტორი, ნატა ლომოური / საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

შეხვედრების მონაწილე გერმანელ გამომცემლებთან, მთარგმნელებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ფესტივალის მონაწილეა შტეფან ვაკვიციც, რომელიც წლების განმავლობაში იყო გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი. ის კავკასიაში მოგზაურობაზე ისაუბრებს.

ფესტივალის საპატიო სტუმარია გერმანულენოვანი ქართველი ავტორი ნინო ხარატიშვილი, გერმანიაში მცხოვრები მუსიკოსი გიორგი კიკნაძე ტრიოსთან ერთად და მსახიობი მერაბ ნინიძე – ადამიანები, ვისაც იცნობს უკვე გერმანულენოვანი საზოგადოება და ვისაც შეუძლია წარადგინოს საქართველო ამ აუდიტორიის წინაშე.

„1918-1921 წლების პოლიტიკური და კულტურული პროცესები განხილული იქნება მრავალმხრივ ფესტივალზე. ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭოღოშვილი იმ წლების სახელოვნებო, კულტურულ სივრცეზე ისაუბრებს, შეფი – ლუკა ნაჭყებია ქართულ კულინარიასა და გასტრონომიაზე ესაუბრება მსმენელს, გავიხსენებთ ახლახან გარდაცვლილ ზურა რთველიაშვილს, რომლის შესახებაც პატარა, გერმანულენოვანი ფილმიც დავამონტაჟეთ. გავიხსენებთ გივი მარგველაშვილს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობები”, – ამბობს ნატა ლომოური.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ საქართველოს გერმანელი მკითხველი კარგად იცნობს. ონლაინლიტერატურული ფესტივალის ნახვა მსურველს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდსა და ვებგვგერდზე შეეძლება.

4 დღის განმავლობაში დღეში 20 ღონისძიებაა დაგეგმილი. საღამოს 5 საათის შემდეგ ყოველდღე 40, 45-წუთიანი ონლაინშეხვედრები გაიმართება.

ჩანაწერები განთავსდება ასევე  ბერლინის ლიტერატურის სახლ Lettrétage-ის გვერდზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი