ახალი ამბები

“ემანდ მე არ ვერევი” — წულუკიანი რუსთაველის თეატრის გასტროლებზე მოსკოვში

21 ივნისი, 2021 • 1813
“ემანდ მე არ ვერევი” — წულუკიანი რუსთაველის თეატრის გასტროლებზე მოსკოვში

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არ ერევა რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება მოსკოვში თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას.

რუსთაველის დასმა თვის ბოლოს მოსკოვში სემუელ ბეკეტის პიესა „თამაშის დასასრული“ უნდა წარადგინოს. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა კომენტარი ექნება კულტურის სამინისტროს თეატრის ამ გადაწყვეტილებაზე, წულუკიანი პასუხობს, რომ ამ საქმეში არ ერევა.

„იყვნენ ტელევიზიები, როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო. შესაბამისად, გეტყვით, რომ ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს… ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება — რომელ ფესტივალზე წავიდეს გასტროლით.

ამ შემთხვევაში საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია“, — ამბობს წულუკიანი მინისტრთა დღევანდელ სხდომაზე.

დამატებით კითხვებს ის არ პასუხობს და ამატებს, „არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზორი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი