ახალი ამბები

“ციფრებს მიღმა ჩვენი შვილებია” — აქცია თბილისში, 20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლისთავზე

21 ივნისი, 2021 • 1638
“ციფრებს მიღმა ჩვენი შვილებია” — აქცია თბილისში, 20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლისთავზე

“2 წლის წინ, დილით, ექვსს რომ ათი აკლდა, დამირეკეს და მითხრეს, შენს შვილს ოპერაცია უკეთდებაო”, — ასე დაიწყო თავისი სიტყვა 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილის დედამ, ლია წიკლაურმა. ის ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეთაგან, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლისთავზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სახელმწიფოს ქმედებები და ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ხსენებული მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

აქცია, სახელწოდებით “არა ოკუპანტის ამნისტიას,” თბილისის ცენტრში 18:00 საათზე დაიწყო. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ 20 ივნისს დაზარალებულთა ნათესავები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან 20 ივნისის, როგორც “გამოუძიებელი დანაშაულებრივი ფაქტის” მონაწილე პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ამნისტიას.

"არა ოკუპანტის ამნისტიას" — აქცია პარლამენტთან. 20.06.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემები, ვცხოვრობთ ოპერაციიდან ოპერაციამდე, ჩემი შვილი გაუსაძლის ტკივილებს უძლებს, მაგრამ ვფიქრობ, ამით უფრო მივაღწევთ იმას, რომ ხვალ ჩემს ადგილას სხვა დედა არ დადგება…

ჩემმა შვილმა პოლიციელი გამოიყვანა სამშვიდობოს და მეორე პოლიციელმა ესროლა. რეალურად, არ იციან, რამდენი დაზარალებულია. მათთვის ეს მხოლოდ ციფრებია. მაგრამ ამ ციფრების მიღმა ჩვენი შვილებია…

ვის ვაძლევთ ამნისტიას? ვინც არ დასჯილა, იმას? და რა პასუხს გასცემთ დასახიჩრებულ ადამიანებს, რომლებსაც ოპერაციები ცხოვრების ბოლომდე ელის?” — აღნიშნა ლუკა პეტრიაშვილის დედამ სიტყვით გამოსვლისას.

ამავე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის დამ, მზია გომურმაც. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, დაფიქრდნენ, “სანამ ვინმესთვის რამის პატიებას დაუჭერენ მხარს”.

"არა ოკუპანტის ამნისტიას" — აქცია პარლამენტთან. 20.06.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“არა ოკუპანტის ამნისტიას” — აქცია პარლამენტთან. 20.06.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ჩვენ არც ვიცით, რეალურად იქ რა მოხდა, რამდენი დამნაშავეა, რა კატეგორიის დამნაშავეები არიან საერთოდ და ბრმად ვუწერთ ხელს, რომ ამ ადამიანებს შეეხოთ ამნისტია… თქვენ ნახავთ, რომ დაზარალებულებს ისეთი ჭრილობები აქვთ მიყენებული, მართლაც სასწაულით არიან გადარჩენილნი.

სანამ ამნისტიის სიკეთეებზე დაიწყებთ საუბარს, მეგობრებო, უნდა დაფიქრდეთ, რის ამნისტიას უჭერთ მხარს. ძალიან კარგია, როცა სიტყვიერად გვიცხადებთ მხარდაჭერას, მაგრამ როდესაც თქვენს ხელშია, უნდა მოაწეროთ თუ არა რაღაცას ხელი, ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ვინმესთვის რამის პატიებას დაუჭერთ მხარს”, — აღნიშნა მან.

პარლამენტის წინ გამართულ შეკრებას არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ენმ-ის, “ევროპული საქართველოს”, “ლელოსა” და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერები, ასევე, ელენე ხოშტარია და მისი მოძრაობის “დროა” აქტივისტები.

ამნისტიის 2 კანონპროექტი პარლამენტში

პარლამენტში ამნისტიის შესახებ შეტანილია ორი კანონპროექტი: ფრაქცია “ქართული ოცნების” და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით.

“ოცნების” კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა 9 ივნისს მეორე მოსმენით მიიღო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

კანონპროექტით, ამნისტია არ გავრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გამონაკლის მუხლებზე:

117-ე მუხლი — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
144-ის პრიმა მუხლები — წამება, წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.
ამნისტია ასევე გავრცელდება დანაშაულის მომზადებაზე ან მცდელობაზე და პირობით მსჯავრზე. ამნისტია ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებასაც, თუ ჯარიმა კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის გადახდილი.

ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე უარის თქმის პროცედურა კანონპროექტში გაწერილი არ არის.

ფრაქცია “ქართული ოცნების” კანონპროექტისგან განსხვავებით, ოპოზიციის პროექტით ამნისტია ეხება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორ მუხლს:

225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილი — 1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა და 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები).

333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით — გარდა იმ პირისა, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ამასთან, 333-ე მუხლით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე ამნისტია ვრცელდება დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

რა მოხდა 20 ივნისს?

2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გახსნას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რომლებიც ანტიკრემლისტურ და ანტისამთავრობო რიტორიკას ატარებდა.

აქცია პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 240-დე ადამიანი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმემ — მხედველობა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა და სამართალდამცველებმაც.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა 2020-ის არჩევნებს, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეებიდან.

საბოლოოდ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ პროპორციულთან მიახლოებულ 120/30 მოდელზე, რომლის კენჭისყრაც ჯერ არ ყოფილა.

20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლისთავზე, არაერთი ადამიანი ჩივის, რომ დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, იმ ღამით მიღებული დაზიანებების მიუხედავად.

დაზარალებულთა საქმე სტრასბურგში

2021 წლის 18 ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საია-ს და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა.

კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, შესაბამისი კითხვებით მიმართა საქმეებზე “ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.

საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა. გაგზავნილი საჩივრები, ჯამში, 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე დავობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი