ახალი ამბები

სტრასბურგში 20 ივნისის დარბევისას დაზარალებულთა საჩივრების განხილვა დაიწყო — საია

18 ივნისი, 2021 • 1188
სტრასბურგში 20 ივნისის დარბევისას დაზარალებულთა საჩივრების განხილვა დაიწყო — საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიწყო საია-ს და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა.

კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, შესაბამისი კითხვებით მიმართა საქმეებზე “ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.

საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა. გაგზავნილი საჩივრები, ჯამში, 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე დავობენ.

საია-ს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სტრასბურგის სასამართლოს მიერ სახელმწიფოსთვის დასმული შეკითხვებია:

  • მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუ არა მომჩივნები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს?
  • ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი? რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?
  • მომჩივნების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი, როგორც ჟურნალისტები, აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • მოხდა თუ არა მომჩივნების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციის მე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

გარდა უფლებების დარღვევის შესახებ შეკითხვებისა, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. საია-ს ადვოკატები აცხადებენ, რომ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა დაზარალებულებს არ რთავს ნებას, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირისგან მხოლოდ 3 პირს აქვს მინიჭებული.

“იმ პირობებში, როდესაც ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების საჩივრების არსებითი განხილვა, საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით. ამნისტიის შესახებ კანონი საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულებას”, — ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გახსნას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რომელიც ანტიკრემლისტურ და ანტისამთავრობო რიტორიკას ატარებდა. აქცია პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევით დასრულდა, რის დროსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.

მთავარ ფოტოზე: დარბევისას დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი. ფოტო: მისივე ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი