ახალი ამბები

თბილისში გუდრონით დააზიანეს მერვე საუკუნის არაბული წარწერა

19 ივნისი, 2021 •
თბილისში გუდრონით დააზიანეს მერვე საუკუნის არაბული წარწერა

თბილისში უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, გუდრონით დააზიანეს ძველი არაბული წარწერა, რომელიც 793 წლით თარიღდება.

წარწერა თბილისის გუმბათის ერთ-ერთი პატარა ნაწილია, რომელიც პუშკინის ქუჩასთან ახლომდებარე ესტაკადის ქვეშაა.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში არქეოლოგი ლანა ჩოლოგაური ამბობს, რომ ეს არაბული წარწერა განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა.

„ეს წარწერა იმ პერიოდისაა, როდესაც თბილისი არაბთა ბატონობის ქვეშ იყო. მერვე საუკუნის მიწურულია და წარწერის მიხედვით თარიღდება 177 წლით, ჰიჯრის კალენდრით ანუ რომ გამოვიანგარიშოთ, გამოდის 793 წელი.

წარწერა გაშიფრულია არაბი და ქართველი მკვლევრების მიერ და მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არაბული მონუმენტალური წარწერა არაბული სამყაროს გარეთ,“ – გვიყვება არქეოლოგი.

ლანა ჩოლოგაური დასძენს, რომ თავდაპირველად წარწერა 6-სტრიქონიანი იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში, მხოლოდ 3 სტრიქონის წაკითხვა იყო შესაძლებელი, ისიც ფრაგმენტულად.

„არაბი მკვლევრების მიერ გაშიფრულ ვერსიაში იხსენიება სიტყვები: გარნიზონი, ციხე და წარწერის ავტორის სახელი – სალამ ბნუ ჰაბბანი. სავარაუდოდ, ეს იყო არაბული წარწერა, რომელიც ამკობდა თბილისის გალავნის ციხის მნიშვნელოვან ნაწილს,“ – გვიყვება ლანა ჩოლოგაური.

გუდრონის გადასხმის შემდეგ წარწერა სრულად განადგურების რისკის ქვეშ დადგა, ვინაიდან ის ქვიშა-ქვაზეა შესრულებული, შესაბამისად, ძალიან მყიფეა – „განგებ დაზიანებულია, შესაბამისად, ძალიან გაჭირდება,“.

ლანა ჩოლოგაური იხსენებს, რომ მანამდე წარწერას დამცავი მინა ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაბინძურდა, წარწერა აღარ იკითხებოდა, შემდეგ კი გატყდა. ის ასევე ამატებს, რომ თბილისის განვითარების ფონდის თხოვნით, ის ადგილზე რესტავრატორთან ერთად მივა და ახლოდან დაათვარიელებს დაზიანებას.

„მას სჭირდება დაცვა, როგორც ზედაპირის – მინის, ასევე ატმოსფერული ნალექებისგან, რადგან ქვიშა-ქვა განსაკუთრებით მყიფე და დაშლადი,“ – ამატებს არქეოლოგი.

ჩვენ ვკითხეთ თბილისის მერიასაც, თუ რას აპირებდა დაზიანებული წარწერის გადასარჩენად. უწყებაში წერილობით გვიპასუხეს:

„თბილისის მერიისთვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რასაკვირველია, ცნობილია. თბილისის განვითარების ფონდს აღნიშნულ საკითხზე უკვე ჰქონდა კონტაქტი სპეციალისტებთან. მიმდინარეობს პრობლემის შესწავლა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას რესტავრირებასთან დაკავშირებით,“.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ წარწერის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც.

„დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ- რესტავრატორი და შპს „იუკონი და კომპანია“ -ს კონსერვაციის სპეციალისტი,“ – წერს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი