ახალი ამბები

რომის პაპის გადაწყვეტილებით ქართულ მხარეს რომში ეკლესია გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა

18 ივნისი, 2021 •
რომის პაპის გადაწყვეტილებით ქართულ მხარეს რომში ეკლესია გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა

წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში, 70 წლით, გადაეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენენ რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები არქიმანდრიტ იოანეს (ხელაია) წინამძღოლობით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“2021 წლის 17 ივნისი ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

წმინდა საყდარი არის კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში, რომლის ეპისკოპოსიც არის რომის პაპი.

“ტაძრის გადმოცემაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ელჩმა წმინდა საყდართან (ვატიკანი), ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა და საელჩოს თანამშრომლებმა. ტაძრის გადმოცემა რომის პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით განხორციელდა. ამ საქმეში ასევე მნიშვნელოვანია
რომის ეპარქიაში პაპის ვიკარის, კარდინალ ანჯელო დედონატის წვლილი, რომლის უდიდესი თანადგომითა და კეთილი ნებით შესაძლებელი გახდა ამ სასიკეთო საქმის აღსრულება.

ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ სამრევლოს, არქიმანდრიტ იოანესა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის სიძლიერე და წინსვლა”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი