ახალი ამბები

კობახიძის განცხადებაზე სპეკულაციების საფუძველი არავის აქვს — სარჯველაძე პრაიდზე

18 ივნისი, 2021 • 874
კობახიძის განცხადებაზე სპეკულაციების საფუძველი არავის აქვს — სარჯველაძე პრაიდზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრაიდთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება სპეკულაციების საფუძველს არ იძლევა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს, თქვა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს “უარი უნდა ეთქვათ” ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე.
როგორც სარჯველაძე ამბობს, კობახიძე “ახალი საზოგადოებრივი კონფლიქტების” პრევენციას გულისხმობდა.

“ირაკლი კობახიძემ რა განცხადებაც გააკეთა, მე ვფიქრობ, რომ სპეკულაციების შექმნის საფუძველი არავის არ აქვს. მან ისაუბრა, რომ ყველას გვმართებს პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობით [მივუდგეთ] საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს პრევენციებზე მუშაობა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი კონფლიქტის ახალი კერების წარმოშობა”, — განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების “მართლზომიერად განხორციელება” დაცული უნდა იყოს.

“რაც შეეხება საკითხს, გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს თუ არა, უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, ამ დროს დაცული იყოს ასევე გამოხატვის თავისუფლების მართლზომიერად განხორციელების ყველა ფაქტთან. აი, ამაზეა საუბარი”, — განაცხადა სარჯველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი